ბელგიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიიდან ამოიღო
ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიამ „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის“ კონცეფცია 2012 წელს შემოიღო, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც ახლდება. თუმცა, სიის გადახედვა შესაძლებელია, თუ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეიცვალა. საქართველო ჯერ კიდევ იყო 2023 წლის 7 აპრილის განახლებული სიის ნაწილი, მაგრამ 2023 წლის 10 ივლისის სიაში იგი უკვე აღარ გვხვდება.
ბელგიის შინაგანი ფედერალური საჯარო სამსახურის ცნობით: „საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის აზრს ითვალისწინებს და არა საგარეო საქმეთა ფედერალური საჯარო სამსახურის აზრს“.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია: „კრიტერიუმებიში შედის არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკა (მაგალითად, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობა, პოლიტიკური სტაბილურობა) არამედ სამართლებრივი მდგომარეობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) სტანდარტების შესაბამისად“.
გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის მოსაზრებიდან ირკვევა, რომ დათქმები შეიძლება გაკეთდეს გარკვეულ ქვეყნებში გარკვეულ სიტუაციებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გენდერთან და/ან სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ძალადობასთან დაკავშირებით, ეს არ გამორიცხავს ამ ქვეყნების სიაში მოთავსებას, ყველა რელევანტური ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით“ და ხაზგასმულია, რომ „ეს ზოგადი შეფასება განხორციელდა დიდი სიფრთხილით“.
ბელგიის სამეფოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, პარლამენტის დეპუტატმა პარტია “ლელოდან” სალომე სამადაშვილმა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭება გამარტივებული პროცედურით მოხდეს“.
მან გადაწყვეტილებას „საგანგაშო“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის ამ სიაში ყოფნა მნიშვნელოვანია. სამადაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელგიის გადაწყვეტილების შემდეგ, არსებობს სერიოზული რისკი იმისა, რომ სხვა [ევროკავშირის წევრი] ქვეყნები მიბაძავენ მას და არც ის არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა ევროკავშირის დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი დააყენოს.
მან დასძინა: „ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს. მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება ტაშით მიეგება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, საკუთარი პოლიტიკით საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას“.
ამავდროულად, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა: „მე ვფიქრობ, გადაწყვეტილება გარკვეულწილად ბოლო პერიოდში განვითარებულ მცირე მასშტაბის შეჯახებებს ეხება, მაგრამ ამავე დროს თავის შინაარსით არის პოლიტიკური. ცუდია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს ეს სიხარულს ანიჭებს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით მათი მუშაობა ინტენსიურად გრძელდება, რომ როგორმე დამატებით ნეგატიური ინფორმაცია შეიტანონ ევროპაში, თუმცა, ფაქტები გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო რჩება ტურისტულ ჰაბად და უსაფრთხო ქვეყანაა. საკმაოდ დიდი ბრიგადა მუშაობს იმისათვის, რომ როგორმე იქნებ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო გადაადგილება შეეზღუდოს ევროპაში, ეს თემა არ ეხება ამას, მაგრამ ბევრი რამ გამოავლინა ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს შიდა მტერი გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე ოპონენტი საგარეო ფორმატში და სივრცეში”.
უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესში. ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ ის აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს, როგორიცაა წარმოშობის ქვეყანაში არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, კანონის უზენაესობა, ზოგადი პოლიტიკური გარემოებები და რამდენად არის ადამიანი დაცული დევნისა და ძალადობისგან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)