კოალიცია „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითხოვს
„კოალიცია თანასწორობისთვის“, რომელიც 10 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, პრიორიტეტი მიანიჭონ „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიებების უსაფრთხოებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა უზრუნველყონ „კვირეულის“ ფარგლებში გამოცხადებული ყველა ღონისძიების უსაფრთხოება.
„მნიშვნელოვანია, რომ წელს 2022 წლისგან განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ,“- აცხადებს კოალიცია.
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს კრემლთან დაკავშირებული ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის, „ალტ ინფოს“ მუქარის შემცველი განცხადების გამო. ამასთან, აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ჰომოფობიური განცხადება კიდევ უფრო ამძაფრებს ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ ძალადობის პოტენციალს და რასაც ხელისუფლების ფომოფობიური რიტორიკაც ემატება, მაგალითისთვის: „საქართველოს პრემიერ მინისტრმა არაერთი საჯარო გამოსვლისდროს გამოიყენა ისეთი ჰომოფობიური ფორმულირება, როგორიცაა „ლგბტ პროპაგანდა“. კოალიცია იხსენებს 2023 წლის მაისში, უნგრეთში CPAC კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოთქმულ ჰომოფობურ მესიჯებს, მათ შორის მის განცხადებას, რომ „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობა დაუშვებელია“.
კოალიცია აღნიშნავს, რომ 1 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნდა ჰომოფობიური განცხადება, სადაც საპატრიარქო აცხადებს, რომ „ლგბტ კვირეული“ არ უნდა ჩატარდეს დახურულ სივრცეშიც კი „მისი „უარყოფითი გავლენებიდან“ გამომდინარე“. „განცხადება შეიცავს არაერთ ჰომოფობიურ ფორმულირებებას, რამაც შესაძლოა „პრაიდ კვირეულის” ორგანიზატორებსა და მონაწილეებზე ძალადობა წაახალისოს, როგორც ეს წარსულში არაერთხელ ვიხილეთ,“ – ხაზს უსვამს კოალიცია.
კოალიციის განცხადებით, ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები იყენებენ ჰომოფობიას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეშლის მიზნით, რასაც მოწმობს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმები, როდესაც მეამბოხეებმა დაწვეს ევროკავშირის დროშა. გარდა ამისა, ხელისუფლება აქტიურად ადანაშაულებს საქართველოში არასამთავრობო სექტორს „ლგბტ პროპაგანდაში“ მას შემდეგ, რაც „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ჩაუვარდათ.
კოალიცია მოუწოდებს პროაქტიულ პრევენციას, საფრთხეებზე სწრაფ რეაგირებას და ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ეფექტური ქმედებებს. იგი ასევე მოითხოვს შეწყდეს მთავრობის ჰომოფობიური კამპანია და „შემუშავდეს კრემლისტურ, ულტრამემარჯვენე, ექსტრემისტულ ჯგუფებთან გამკლავების ყოველისმომცველი სტრატეგია“.
„ჰომოფობიის პოლიტიკური გამოყენება ხელისუფლების მხრიდან და დაუსჯელობის ის გარემო, რომელიც კრემლისტური, ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობის აშკარა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეწყნარებაში ჩანს, გარდა იმისა, რომ არაუსაფრთხო და მტრულ გარემოს ქმნის ლგბტი ადამიანებისთვის და აქტივისტებისთვის, ის აზიანებს სოციალურ მშვიდობას და აღრმავებს პოლარიზაციას. სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის საბაზისო ვალდებულებების შეუსრულებლობას ნეგატიური გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესისითვისაც,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/07/2023 – მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი: „ლგბტ პრაიდი საქართველოში არასოდეს ჩატარდება“
- 03/07/2023 – საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით „თბილისი პრაიდის“ კვირეული გაიხსნა
- 04/05/2023 – პრემიერმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)