ახალი ამბები

ინალ არძინბა თურქეთს სტუმრობს

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მთავარი დიპლომატი ინალ არძინბა 22 ივნისს თურქეთში ჩავიდა.  

ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყების ინფორმაციით, არძინბამ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე რუსი კოლეგების ჩართულობით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების მნიშვნელობას.

სტამბულში ინალ არძინბა პრო-რუსული და ანტი-ამერიკული პოზიციის მქონე პარტია „სამშობლოს“ ლიდერს, დოგუ პერინჩეკს შეხვდა. პერინჩეკმა მხარი დაუჭირა თურქეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო სუვერენიტეტის აღიარებას. მან დაარწმუნა არძინბა, რომ ამ მიზანს უახლოეს მომავალში ერთობლივი ძალისხმევით მიაღწევენ და ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ კვიპროსთან დიალოგის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ამასთან, პერინჩეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თურქეთის მოქალაქეების 90% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკას“. არძინბამ აღნიშნა, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში არის „ნაბიჯი ახალი და უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებისკენ“.

27 ივნისს არძინბა თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს ალექსეი იერხოვს შეხვდა.

არძინბამ თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button