ახალი ამბები

საქართველო რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის ანგარიშში

რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოში რასიზმი და შეუწყნარებლობა ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის, განსაკუთრებით კი, ლგბტი პირების მიმართ პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს წინა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული.

ანგარიშის მიხედვით: „სახალხო დამცველის გარკვეულმა საქმიანობამ, რომელიც უკავშირდებოდა მისი აპარატის მანდატის კონკრეტულ ნაწილს (და პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას), მწვავე კრიტიკა გამოიწვია ზოგიერთი ოფიციალური პირისა და პოლიტიკოსის მხრიდან“. კომისია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ისეთი კომენტარებისგან, რომლებიც ძირს უთხრის სახალხო დამცველის ინსტიტუტის სანდოობას, დამოუკიდებლობას და რეპუტაციას.

აღიარებს რა პოზიტიურ მოვლენებს, როგორიცაა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების შემცირება და 78 ბოშა პირისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, ანგარიში ხაზს უსვამს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას და რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, რელიგიის სფეროში თავისი პოლიტიკა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპსა და რელიგიური ტოლერანტობის ხელშეწყობაზე ააგოს.  

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომს გამოქცეული დაახლოებით 50 000 უკრაინელი საქართველოში შემოვიდა. ქვეყანამ ამ ადამიანებისთვის თავდაპირველი საცხოვრებელი, ჯანდაცვა და განათლება უზრუნველყო, ხოლო ქართულმა საზოგადოებამ ზოგადად კეთილმოსურნე დამოკიდებულება გამოიჩინა. ECRI-ის ანგარიში რეკომენდაციას იძლევა, რომ შემუშავდეს გრძელვადიანი მდგრადი გეგმა უკრაინიდან დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად.

ანგარიშში ასევე საუბარია ათიათასობით რუსის საქართველოში შემოსვლაზე. დოკუმენტი მიესალმება ხელისუფლებას ანტი-რუსული განწყობებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის პრობლემის სწრაფად მოგვარებისთვის.  

დოკუმენტში ხაზგასმულია ქართულის, როგორც მეორე ენის არასაკმარისი სწავლება საქართველოში ისტორიულად ეთნიკური უმცირესობებისთვის. ECRI რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების საათები დაწყებით და საშუალო სკოლებში, სადაც უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები სწავლობენ. კომისია მონიტორინგს გაუწევს ამ რეკომენდაციის შესრულებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ არ არსებობს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ლგბტი თანასწორობის საკითხებს განიხილავდა. ამასთან არ არსებობს ერთი სქესის მქონე პირთა პარტნიორობის დარეგისტრირების შესაძლებლობა და გენდერის კანონიერი აღიარების მკაფიო კრიტერიუმები. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა სათანადოდ იქნას გამოძიებული 2021 წლის ივლისში თბილისში ლგბტი მსვლელობის დროს მომხდარი ძალადობა, აღმოიფხვრას სიძულვილის ენა ლგბტი პირების მიმართ ონლაინ ფორმატში და სიძულვილის დანაშაულის შემთხვევებზე ეფექტური მონიტორინგის სისტემების ჩამოყალიბდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button