ახალი ამბები

ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს

16 ივნისს, ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვიდან მე-11 დღეს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. დღეს უკვე მეხუთე დღეა, რაც მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს.

პროტესტის უკიდურესი ზომა განაპირობა „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ, სადაც კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, რომ შეწყვიტონ პროტესტი, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს მათი ბონუსები და ბენეფიტები.

„ფეისბუქის“ გვერდი „მაღაროელი“ იტყობინებოდა 18 ივნისს, რომ გაფიცვის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალები ამოიკერა, ხოლო კიდევ ერთმა ხელებზე ვენები გადაიჭრა. გვერდმა ასევე განაცხადა, რომ 19 ივნისს, 16:00 საათზე მაღარელები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ.

“ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანია თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ გამოდის წინადადებით, რომ ყველა თანამშრომლისთვის, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გაიხსნას საწარმოები და მათთვის 100%-იან სახელფასო ანაზღაურება იქნას უზრუნველყოფილი, ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, სპეციალური სამუშაო რეჟიმი პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდება და მათ ხელფასის 60% აუნაზღაურდებათ.

მაღაროელები სახალხო დამცველმა მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 15 ივნისს ჭიათურის გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. აქციის  მონაწილეებმა იოსელიანს შრომის პირობებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გააცნეს და სახალხო დამცველს მედიაციაში დახმარება სთხოვეს.

შეხვედრის შემდეგ, იოსელიანმა შეშფოთება გამოხატა შიმშილობის აქციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადგილზე არ არის ექიმი, რომელიც მოშიმშილეთა  ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუწევდა მონიტორინგს. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურადაა ჩართული პროცესში და „ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს“. მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები არ არიან რადიკალურად განწყობილნი და მზად არიან წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე, თუმცა, ამავე დროს, მეორე მხარესაც მოუწოდა მათი მოთხოვნები გაითვალისწინოს.

რას ითხოვენ მაღაროელები?

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მაღაროელების მოთხოვნებს განმარტავს.

ორგანიზაციის თქმით, 1 თებერვლიდან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ „დროებით სამუშაო რეჟიმზეა“ გადასული. ეს რეჟიმი მაღაროების და ვახტების მუშაობის შეჩერებას და იქ მომუშავეებისთვის ხელფასის მხოლოდ 60%-ის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ამ დროებითმა ზომამ, რომელიც, წესით, მაისში უნდა დასრულებულიყო, მაღაროელებს საბანკო ვალდებულებების შესრულებაში სირთულეები შეუქმნა.

ამასთან, კომპანიის მითითებით, ვახტებში დასაქმებულებმა უნდა იმუშაონ ახალი გეგმით; აქამდე თანამშრომლების მიერ შესასრულებელი გეგმა გამოტანილი მადნის მასით, „ტონაჟობით“ განისაზღვრებოდა. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ახალი გეგმა კი, ვახტაში „გავლილი“ მანძილით, „გრძივ-მეტრობით“ უნდა განისაზღვროს. მაღაროელები ამბობენ, რომ ახალი გეგმა არარეალისტური, რომლის შესრულებასაც ისინი ვერ შეძლებენ. მათი თქმით, ამის მიღწევა შესაძლებელი იქნება შრომის უსაფრთხოების ნორმების იმგვარი სრული უგულებელყოფის ხარჯზე, რაც საფრთხეს შეუქმნის მათ სიცოცხლეს.

ორგანიზაციის თქმით, მაღაროელებმა არაერთელ მიუთითეს კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების სრულ უგულებელყოფასა და სისტემურ ჩავარდნებზე. კერძოდ, თანამშრომლებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და სპეც-ტანაცმელი. მშრომელებს უწევთ მძიმე აღჭურვილობის ხელით გადაადგილება (120-130 კგ ნივთი – ორ ადამიანზე); მაღაროებში არ კონტროლდება სამთო წნევის დონე; ტრაქტორები გაუმართავია და გამოყოფს გამონაბოლქვს, ხოლო წყლის სისტემა, რომელმაც გამონაბოლქვი უნდა შეამციროს გაუმართავია; არ ხდება მტვრის კონცენტრაციის გაზომვა აფეთქებების შემდეგ, განიავების სისტემა გაუმართავია, არ არის დადგენილი აფეთქებიდან უსაფრთხო მანძილი და ა.შ.

საპროტესტო აქციებში მონაწილე მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და იმ გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაა, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ქალაქებსა და სოფლებზე. კერძოდ, მუშები ითხოვენ, რომ მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვებისას გარემოსდაცვითი რეგულაციები და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იქნას გათვალისწინებული. ღია კარიერული წესით მოპოვება უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ისე გარემოზე.

წინა მოთხოვნების გარდა, მაღაროელებმა წუხილები გამოთქვეს ანაზღაურებადი შვებულების, საცხოვრებლისა და კვების ხარისხთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ კომპანიას, ხელი შეუწყოს მათ დაუყონებლივ სამსახურში დაბრუნებას და მოელიან, რომ კომპანია მათ სათანადოდ აუნაზღაურებს იმ დანაკლისს, რომელიც წარმოების შეჩერების დროს მიიღეს. მაღაროელები აცხადებენ, რომ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულების უფლებაზე მათ უარს ამბობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button