ინტერვიუ

ინტერვიუ | ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი

საქართველო ზეიმობს ევროპის დღეებს, მრავალი მრგვალი მაგიდის, საჯარო ლექციების, კონცერტების და სხვა ღონისძიებების გამართვით ქვეყნის მასშტაბით. ევროკავშირთან ურთიერთობები, სამ ათწლეულზე მეტია დინამიურად ვითარდება, თუმცა ამჟამად ამ ურთიერთობებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა და ფოკუსი შეიძინეს, მას შემდეგ რაც გასულ წელს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. მარტის დასაწყისში , ქუჩაში გამოსვლით და ე.წ. „უცხოური აგენტების“კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტების გამართვით, ქართველებმა ხმამაღლა  და იშვიათი ერთსულოვნებით კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მათი მომავალი ევროპაშია. უკანასკნელი გამოკითხვის შედეგების თანახმად, მოქალაქეების 87% მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ქართველები იმედოვნებენ, რომ ქვეყანა წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

სამოქალაქო საქართველო გთავაზობთ ინტერვიუს ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან, სადაც ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოსთვის ევროკავშირის მხარდაჭერა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ევროკავშირთან ურთერთობების პერსპექტივები და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რათა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს.

სამოქალაქო საქართველო: მას შემდეგ რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებმა გრძელი გზა გაიარეს. როგორ ფიქრობთ, რა იყო მთავარი მოტივატორი/წამყვანი ამ ურთიერთობების განვითარებაში როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მხრიდან?

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების მოტივატორი ყოველთვის ქართველი ხალხი იყო. მე ყოველთვის ემოციებით ვივსები, როდესაც ვხედავ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მაღალ პროცენტულ მხარდაჭერას ევროკავშირისადმი. რა თქმა უნდა, ეს ასევე დაკავშირებულია საქართველოს უწყვეტ ბრძოლასთან საბჭოთა წარსულის დასრულებისა და თანამედროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ძვირი ფასის გადახდა მოუწია; 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი მიტინგის სასტიკი დარბევის ტრავმა ჯერ კიდევ ცოცხალია ქართველთა გულებში. საქართველო პირველი არაბალტიისპირული სახელმწიფოა, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელშიც 99,5%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობას. ეს მაჩვენებელი მრავლის მთქმელია. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობამ მართლაც დიდი გზა გაიარა და დონორ-ბენეფიციარის ურთიერთობებიდან მყარ პარტნიორობამდე გადაიზარდა. გასული ივნისიდან კი საქართველო ევროკავშირის „გაფართოების პოლიტიკის“ ნაწილად განიხილება.

რაც შეეხება ევროკავშირის მოტივაციას, ეს ალბათ იყო საქართველოს ტრანსფორმაციის სიჩქარე და წარმატება ბოლო 30 წლის განმავლობაში. დაარსების დღიდან ევროკავშირი ფართოვდება და მიუხედავად გამოწვევებისა, კვლავ რჩება მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი ცდილობს მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს თავის პარტნიორებს და ამით უზრუნველჰყოს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული პროგნოზირებადი სამყაროს არსებობა. ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს „ასოცირების ხელშეკრულებას“, რომელიც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის ნაწილს, გვაქვს უვიზო რეჟიმი და მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობები წინ წაიწევს და საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამისთვის მოქმედების დრო ახლაა.

ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ყველაზე დიდი დონორი, ისევე როგორც „არაღიარებისა და შერიგების პოლიტიკის“ მთავარი მხარდამჭერი. ევროკავშირის მხარდაჭერის რომელი მიმართულებებია თქვენი აზრით, ყველაზე გადამწყვეტი და რა გავლენა იქონიეს მათ საქართველოს განვითარებაზე, თქვენი აზრით?

მოგეხსენებათ, ევროკავშირი დიდი ხანია მხარს უჭერს რეფორმებს მთელს ქვეყანაში და ქართულ საზოგადოებაში. „ასოცირების ხელშეკრულების“ შემდეგ ბევრი კონკრეტული სამუშაო განხორციელდა საქართველოსა და ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოების მიზნით. ძნელია რამდენიმე „ყველაზე გადამწყვეტ“ სფეროზე ფოკუსირება, მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას ბიზნესისთვის, განსაკუთრებით ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული ბიზნესებისთვის, მწვანე და ჯანსაღ გარემოზე მუშაობას, განათლებაზე და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებზე ფოკუსირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუშაობას რეგიონებს შორის უთანასწორობის შემცირებისთვის და რა თქმა უნდა, ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის „ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის“ ფარგლებში.

შემიძლია ჩამოვთვალო მრავალი კონკრეტული სარგებელი იმ ათიათასობით საქართველოს მოქალაქისთვის, რომლებმაც ჩვენი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით გამოიმუშავეს ახალი უნარები ან მიიღეს თანამედროვე აღჭურვილობა ან გაემგზავრნენ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის წყალობით. მაგრამ მე მინდა გავამახვილო ყურადღება საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის ერთ ასპექტზე. „ასოცირების ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული რეფორმების წყალობით, 8000-ზე მეტი სტანდარტი უკვე ჰარმონიზირდა. ეს საკმაოდ ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე მოქმედებს კონკრეტული ევროპული სტანდარტები, მათ შორის სურსათის უვნებლობისა თუ ენერგოეფექტურობის სფეროებში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას საქართველოში კიდევ უფრო მეტი ევროპული სტანდარტის დანერგვაზე საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

რაც შეეხება ჩვენს „არაღიარების პოლიტიკას“ და ჩართულობას, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მხარდაჭერა უდავოა. ჩვენ ამას ვაკეთებთ პრაქტიკული საშუალებებით. პოლიტიკურად, ჩვენს ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო სამოქალაქო მისიაა ადგილზე. და ოპერაციულად, ჩვენი პროგრამებითა და პროექტებით, რითაც ხელს ვუწყობთ ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებას და ხელს ვუწყობთ შერიგებას.

ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის, ისევე როგორც ასოცირებული ტრიოს სხვა ქვეყნებისთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის, ადრე უნდა მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა? თქვენი აზრით, რა იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლიდა ევროკავშირს ამ გადაწყვეტილების მიღებაში უკრაინაში რუსეთის აგრესიის განახლებამდე?

ევროკავშირს აქვს კარგად რეგულირებული ჩარჩო მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. 2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს „ასოცირების ხელშეკრულებას“, რომელიც ასევე მოიცავდა „ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას“ (DCFTA). მას შემდეგ ეს გახდა ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საფუძველი. შეთანხმება ხელს უწყობს პოლიტიკურ ასოცირებას, ეკონომიკურ ინტეგრაციას და საერთო ღირებულებების პატივისცემას. DCFTA ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე უპირატეს წვდომას ანიჭებს. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში ძალაშია 2017 წლის მარტიდან. „ასოცირების ხელშეკრულებით“, საქართველომ ვალდებულება აიღო განახორციელოს გარკვეული რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში, ადამიანის უფლებების გაუმჯობესების, სათანადო საჯარო მმართველობის რეფორმის გატარებისა და სხვა სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირებულ ქვეყანად ყოფნა გულისხმობს ევროკავშირთან დაახლოების გარკვეულ ხედვას, ეს არ გულისხმობს გაფართოების პერსპექტივას.

საქართველოს არასოდეს მიუმართავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლამდე და 2021 წლის დეკემბერში განაცხადა განზრახვა რომ ამას ყველაზე ადრე 2024 წელს გააკეთებდა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ რაიმე აფერხებდა ევროკავშირს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნაში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, უნდა იყოს „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ ერთგული: მან უნდა მიაღწიოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობების პატივისცემის გარანტი ინსტიტუციების სტაბილურობას. მას უნდა ჰქონდეს მოქმედი საბაზრო ეკონომიკა, ისევე როგორც შესაძლებლობა, გაუმკლავდეს კონკურენტულ ზეწოლას და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით. და ბოლოს, მას უნდა შეეძლოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები იკისროს და ეფექტიანად განახორციელოს, პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული კავშირის მიზნების ერთგულების ჩათვლით.

ამ ამოცანების შესრულებაში დაგვეხმარა ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული „ასოცირების ხელშეკრულება“. იმედი მაქვს, ახლა, როცა საქართველო „გაფართოების“ წევრი ქვეყანაა, რეფორმებისკენ პროგრესი უფრო სწრაფი იქნება.

ამჟამად საქართველო თავისი ისტორიის კრიტიკულ მონაკვეთზე იმყოფება და აქვს შანსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ ეძლეოდა – ინსტიტუციურად გახდეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტის ნაწილი. რა არის ის მოვლენები/ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას? როგორ იმოქმედა ამ შანსებზე ხელისუფლების ბოლო მცდელობებმა, მაგალითად, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მცდელობამ და რა შედეგი მოჰყვებოდა მსგავსი შემზღუდველი კანონმდებლობის მიღებას ვთქვათ მედიის წინააღმდეგ,  „გენდერული პროპაგანდის აკრძალვისა“ თუ „რელიგიური გრძნობების დაცვის“ ბანერის ქვეშ?

ნამდვილად, ეს საქართველოსთვის ისტორიული მომენტია. მას აქვს შანსი გახდეს ევროკავშირის წევრი. 27-მა წევრმა ქვეყანამ დეკემბერში ეს უნდა გადაწყვიტოს, საქართველოს მთავრობის მიერ იმ 12 პრიორიტეტის შესრულების პროგრესზე დაყრდნობით რომელიც ევროკომისიამ წინა წელს დაუწესა. სწორედ ამიტომ არის დროის ეს მომენტი ასე მნიშვნელოვანი. საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო „სამოქმედო გეგმა“ რომელიც სრულად უნდა შესრულდეს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, 12 პრიორიტეტიდან მე-10 პრიორიტეტი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. ამას საქართველოს ევროპელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან და დააკვირდებიან, როდესაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ.

რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის საბჭომ მიიღო ახალი ჩარჩო შემზღუდავი ზომებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირს დააწესოს სანქციები იმ ადამიანბზე, ვინც პასუხისმგებლები არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც მის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა თუ უსაფრთხოებას, განსაკუთრებული აქცენტით კორუფციაზე. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოთხ ქართველ მოსამართლეზე, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის შექმნას მოლდოვის მსგავსი ჩარჩო? რა პოლიტიკური და ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა საჭირო ასეთ შემთხვევაში?

ნათლად რომ ვთქვათ, საბჭოს მიერ ახლახან მიღებული შემაკავებელი ზომები ეხება მოლდოვას რესპუბლიკას და ყოველ ჯერზე, როცა ასეთი ზომები მიიღება, ისინი ეფუძნება მოცემული ქვეყნის გარემოებებს და ძალიან მყარ საფუძვლებს. მსგავსი ტიპის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს დეტალურ შეფასებას და ზომების პირდაპირი დუბლირება არ შეიძლება. ეს არ არის „ერთი ზომა ყველას ერგება “ტიპის მიდგომა.

ევროკავშირს აქვს ძალიან მყარი პროცედურა, რათა გადაწყვიტოს დააწესოს სანქციები  თუ არა. სანქციები განიხილება როგორც უკანასკნელი საშუალება, როდესაც ყველა სხვა დიპლომატიური საშუალება წარუმატებელი აღმოჩნდა. ნებისმიერი სანქციის დაწესებისთვის, უნდა არსებობდეს ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველი და მასზე უნდა შეთანხმდეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.

რაც შეეხება კორუფციის საკითხს, რომელიც 12 პრიორიტეტის ნაწილია (პრიორიტეტი 4), გვჯერა, რომ ამ პრიორიტეტის განხორციელებაზე მუშაობა შემოიტანს პოლიტიკის შემუშავებაში საჭირო ელემენტებს, რაც ხელს შეუწყობს მეტ გამჭვირვალობას, უკეთესი ზედამხედველობის მექანიზმებსა და კორუფციული საქმეების უფრო ეფექტიან გამოძიებას. ამ მომენტისთვის, ვხედავთ, რომ პარლამენტმა შექმნა ანტიკორუფციული ბიურო და მის ეფექტურობას კორუფციასთან ბრძოლაში დრო გვიჩვენებს.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირი უკვე რამდენიმე წელია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმაზე. ამას მოჰყვა ისეთი დადებითი შედეგები, როგორიცაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, საქმეების უფრო ეფექტური განხილვა და სხვა მიღწევები. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიძლება გახდეს შემდგომი, უფრო ფუნდამენტური რეფორმების საფუძველი. ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში შემდგომი დახმარებისთვის.

უკვე საკმაოდ დიდი დრო გაატარეთ საქართველოში, შეიცვალა თუ არა თქვენი შთაბეჭდილებები საქართველოზე და ქართველებზე პირველი ჩამოსვლის შემდეგ და როგორ?

როგორც მახსოვს ერთ-ერთ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე შევიტანე განაცხადი და ბედნიერი ვარ, რომ ეს გავაკეთე. ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ისეთ ადგილას, სადაც ისტორია იწერება. მინდოდა ქართველ ხალხთან ერთად მემუშავა, რათა ასრულდეს მათი ოცნება ევროპულ მომავალზე. მე ვარ არა მხოლოდ ევროკავშირის ოფიციალური პირი, არამედ პოლონელი დიპლომატიც, ასე რომ, მაქვს დიდი გამოცდილება, რისი გაზიარებაც შემიძლია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის წლებიდან, როდესაც პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადებს აკეთებდა.

საქართველოში ჩემი ჩამოსვლიდან ექვს თვეზე ცოტა მეტი გავიდა და დღემდე ამ უნიკალური, ლამაზი და ძალიან მრავალფეროვანი ქვეყნის ახალი ასპექტების აღმოჩენის პროცესში ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სილამაზე მის მრავალფეროვნებაშია, მე ასევე ვამჩნევ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ზოგჯერ ხელს უშლის ქართველებს წინსვლაში, ძველი ჭრილობების დავიწყებასა და ახალი მეგობრობის მოპოვებაში. ვიმედოვნებ, რომ სტუმართმოყვარეობისა და შემწყნარებლობის მშვენიერი ღირებულებები, რომლებიც საქართველოს საუკუნეების მანძილზე ასაზრდოებდა, დღეს ქართველ ხალხს წარუძღვება ჭეშმარიტად მშვიდობიანი, სტაბილური და ევროპული საქართველოსკენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button