skip to content
ახალი ამბები

პრემიერი: მჯერა, რომ საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით

„მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით“, – განაცხადა 6 მაისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძების გახსნით ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრემიერის თქმით, მას სჯერა, რომ „ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს“, რადგანაც „ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“. კიდევ ერთხელ აღნიშნა რა, რომ „სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი“, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ქართული ოცნების მთავრობის მიერ 10 წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება და იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ უფრო მეტი საქმის გაკეთება, მეტი რეფორმების განხორციელებაა საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას.

ამის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების „სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის პირველ რიგში, აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოვებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან“.

„ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვის დასასრულს და ევროპას და ჩვენს ხალხებს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button