ZOIS-ის კვლევა სამხრეთ კავკასიაში რუსი მიგრანტების დამოკიდებულებებს აფასებს
აღმოსავლეთ ევროპისა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (ZOIS) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სახელწოფებით – „რუსები სამხრეთ კავკასიაში: პოლიტიკური დამოკიდებულებები და ომი უკრაინაში“ -საქართველოში მცხოვრები რუსები რუსეთში ცხოვრების დროს უფრო ნაკლებად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკურ საქმიანობებში (მათ შორის უკრაინაში ომის გაპროტესტებაში), ვიდრე სომხეთში მცხოვრები რუსები. პირისპირ ჩატარებული კვლევის დროს უკრაინაში ომის გამო 2022 წლის ბოლოს საქართველოსა და სომხეთში წამოსული 1 600 რუსი რესპონდენტი გამოკითხეს. რესპონდენტებს სთხოვეს ამ ქვეყნებში ცხოვრების შესახებ საკუთარი გამოცდილება და დამოკიდებულება გაეზიარებინათ.
კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში მცხოვრები რესპონდენტები ძირითადად მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, დონის როსტოვიდან, კრასნოდარიდან, ყაზანიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, სარატოვიდან და ნოვოსიბირსკიდან არიან. ამასთან, რესპონდენტები სომხეთიდან საკუთარ მომავალს უფრო მეტად რუსეთს მიღმა ხედავენ, აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ საქმიანობებში რუსეთში ყოფნის დროს, საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ პოლიტიკურ დისკუსიებში არიან ჩართულნი და დადებითად აფასებენ უკრაინის პრეზიდენტს იმ რესპონდენტებისგან განსხვავებით, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. რაც შეეხება საქართველოში მცხოვრებ რუსებს, მათმა დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ყურადღებით აკვირდებიან უკრაინაში მიმდინარე ომს.
კვლევა გამოყოფს რუსეთიდან „მასობრივი“ მიგრაციის ორ ტალღას, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ ჰქონდა ადგილი. პირველი ტალღის დროს, რომელსაც პირველ კვირებში ჰქონდა ადგილი, ძირითადად ახალგაზრდა ქალაქელები ჩამოვიდნენ – როგორც კაცები, ასევე ქალები – უფრო განათლებულები (გამოკითხულთა 70%-ზე მეტს უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული) და უფრო შეძლებულები, ვიდრე მთლიანი რუსეთის მოსახლეობაა. 2022 წლის 21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მიგრანტებს შორის იყო სამხედრო ასაკის არაპროპორციული რაოდენობა, 18-დან 24 წლამდე მამაკაცები, რომლებიც გაწვევისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ.
მკვლევრებმა საქართველოში 853 რესპონდენტი გამოკითხეს, აქედან 60% თბილისში და 40% ბათუმში. საქართველოში გამოკითხულთა 56%-მა განაცხადა, რომ დაქორწინებულია, ხოლო მესამედმა აღნიშნა, რომ შვილები ჰყავთ. ეს დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ ქართული გარემო შესაძლოა უფრო მეგობრული იყოს ოჯახებისადმი და აღიქმებოდეს, რომ საქართველოში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე სომხეთში, სადაც რესპონდენტთა უმეტესობა მარტოხელა და უშვილო იყო.
საქართველოში რესპონდენტთა უფრო დიდმა რაოდენობამ აღნიშნა, რომ უჭირდა სამუშაოს პოვნა (206) და განიცდიდა დისკრიმინაციას რუსების წინააღმდეგ (33), ვიდრე სომხეთში. მეორე მხრივ, ისეთ საკითხებს, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის პოვნა, მიგრანტის ლეგალური სტატუსის მოპოვება, ფსიქოლოგიური სირთულეების განცდა, ფინანსური პრობლემების ქონა, რუსეთში მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობის შენარჩუნება და რუსეთის ხელისუფლებასთან პრობლემების ქონა, უფრო ხშირად ასახელებდნენ რესპონდენტები სომხეთში.
საქართველოში მცხოვრები რუსების დამოკიდებულებები
რაც შეეხება რუსების ლიბერალურ შეხედულებებს, კერძოდ ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებასთან დაკავშირებით, „საქართველოში გამოკითხულთა 58%-მა განაცხადა, რომ ზრდასრულ ადამიანებს „აუცილებლად“ ან „ზოგადად“ უნდა ჰქონდეთ უფლება დაამყარონ ურთიერთობა მათივე სქესის ადამიანთან, ხოლო 37%-მა განაცხადა, რომ ეს არ უნდა მოხდეს. მარტოხელა და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები მეტად ლიბერალურები იყვნენ ლგბტქი პირთა მიმართ. კვლევაში აღნიშნულია, რომ რესპონდენტები უფრო ტოლერანტულები იყვნენ ამ საკითხის მიმართ, ვიდრე ქართველები.
საქართველოში მყოფ რუს რესპონდენტებს ჰკითხეს მათი პოლიტიკური და სამოქალაქო ჩართულობის დონის შესახებ რუსეთის დატოვებამდე ექვსი თვით ადრე. რესპონდენტთა მხოლოდ 36%-მა განაცხადა, რომ ჩართული იყო მინიმუმ ერთ-ერთ ჩამოთვლილ აქტივობაში: მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც არ უკავშირდებოდა უკრაინას, მოხალისეობა, ან არასამთავრობო ორგანიზაციისთვის შემოწირულობა, უკრაინელი ლტოლვილების დახმარება. თუმცა, იმ რესპონდენტთა წილი (14%), რომელთაც განაცხადეს, რომ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციაში, რომელიც უკრაინის მოვლენებს არ უკავშირდებოდა, ასახავს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გაცილებით მაღალ დონეს, ვიდრე ეს ზოგადად რუსეთში შეინიშნება.
საქართველოში უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლევაში ნათქვამია: „ადამიანებმა, რომელთაც ნაწილობრივ მობილიზაციამდე დატოვეს ქვეყანა, უფრო მეტად აპროტესტებდნენ საზღვარგარეთ: 12% იმ 4%-თან შედარებით, რომელთაც შემდეგ დატოვეს ქვეყანა. ანალოგიურად, 18-დან 24 წლამდე ასაკის პირები ორჯერ უფრო ხშირად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში საქართველოში, ვიდრე 35-49 წლის ასაკის რესპონდენტებს (10% – 5%)”.
კვლევის მიხედვით, საქართველოში იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ რუსეთის პოლიტიკურ მომავალზე, 40%-ზე ნაკლებია. რესპონდენტთა თითქმის 30%-მა აღნიშნა, რომ არასოდეს უგრძვნია პასუხისმგებლობის გრძნობა, ხოლო მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ იცოდა, როგორ ეპასუხა ამ კითხვისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა შეფასებები რუსეთის მთავარი ინსტიტუტების შესახებ ძირითადად არასახარბიელოა, გარკვეული განსხვავებები მაინც გამოვლინდა. ამ ინსტიტუტებს შორის ყველაზე ნაკლებად უარყოფითი შეფასება ჯარმა მიიღო (52%-მა გამოხატა ძლიერი უკმაყოფილება). მეორეს მხრივ, რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოკითხულთა 64%-ისგან ძალიან უარყოფითი შეფასება მიიღო. საქართველოში გამოკითხულთა 2/3 მიიჩნევს, რომ უკრაინის ომზე უპირველეს ყოვლისა რუსეთის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამის საპირისპიროდ, რესპონდენტთა უფრო მცირე ნაწილმა (11%) დასავლეთის სახელმწიფოები/ნატო დაადანაშაულა, ხოლო 5%-მა – უკრაინა. ყველაზე ახალგაზრდა რესპონდენტებს შორის 68%-მა პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა, 35-დან 49 წლამდე ასაკის რესპონდენტების 52%-თან შედარებით.
ასევე წაიკითხეთ:
- 08/09/2022 – IDFI-ის კვლევა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე საქართველოში
- 02/09/2022 – IDFI: საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)