skip to content
ევროპაევროპის მოამბე

ევროპის მოამბე: 2 მაისი

პროპაგანდით სინდისმიხდილნი

რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რაიონი კვლავ ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. მაღალი სიზუსტისა და სიშორის 23 ფრთოსანი რაკეტიდან უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა 21 კი გაანადგურეს, მაგრამ ერთ-ერთი რაკეტა უკრაინულ ქალაქ უმანის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და 23 ადამიანი, მათ შორის, ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა დაადასტურა და ჩამონგრეული კორპუსის ფოტოების გავრცელებასთან ერთად, ამაყად დაამატა – „მიზანი მიღწეულიაო“. რუსულმა მხარემ ეს უტიფრობა არ იკმარა, უმანში ჩამონგრეული კორპუსის კადრები სახელმწიფო ტელევიზიითაც აჩვენა და თან რუსულ აუდიტორიას უამბო თუ როგორ უმოწყალოდ ბომბავს უკრაინა დონბასს. ამ პროპაგანდისტულ ვირეშმაკობაში კი, რუსული ტელეარხი „Россия 1“ სხვა გაწაფულმა ჟურნალისტებმა გამოიჭირეს და უმალ ამხილეს.


მასპინძლის სიტყვა

ლიეტუვას პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებამდე მისი ნატოში გაწევრების თემა არ განიხილება. ლიეტუვას პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ნატოს ისეთი წევრებიც იზიარებენ და ახმოვანებენ, როგორებიც არიან – აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ამასთან, როგორც ჩანს, ლიეტუვას პრეზიდენტი, თანამოაზრეებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა 11-12 ივლისს ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს.


ესტონური ფუსფუსი

არ ისვენებს, პატარა, მაგრამ მარიფათიანი და შემართული ესტონეთიც, რომელსაც თურმე ისრაელისგან 100 მილიონი ევროს ღირებულების ბოლო თაობის, შეტევითი უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) შეძენა განუზრახავს და კონტრაქტზე ხელიც მოუწერია.


ერდოღანის წინასაარჩევნო საბადოები

ცოტა მომჯობინდა წინასაარჩევნოდ ღონემიხდილი თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ნელ-ნელა კვლავ ჩაერთო წინასაარჩევნო ფერხულში. წინასაარჩევნო გამოსვლაში ერდოღანს უთქვამს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში აღმოჩენილ ნავთობის მსხვილი საბადო აღმოვაჩინეთ, საიდანაც დღეში 100 ათასი ბარელი ნავთობის ამოქაჩვაა შესაძლებელიო. მისი თქმით, ახლადაღმოჩენილი საბადო თურქეთის საჭიროების მეათედს დააკმაყოფილებს და ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გააძლიერებს. თურქეთის პრეზიდენტს ოპოზიციამ და შემორჩენილმა კრიტიკოსებმა ირონიით შეახსენეს პრეზიდენტს, რომ ეს საბადო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს და სთხოვეს წინასაარჩევნო “აღმოჩენებს” თავი ანებოს.


პაპანაქება ესპანეთში

ზაფხულის სეზონის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, ესპანეთს თავს უჩვეულო სიცხეები დაატყდა. უკიდურესი სამხრეთით მდებარე ანდალუსიაში აპრილის ბოლოსთვის ისტორიაში ყველაზე მაღალი – 39 გრადუსამდე ტემპერატურა დაფიქსირდა. ანომალური სიცხეებია ესპანეთის სხვა მხარეებშიც, მაგალითად 38 გრადუსია დედაქალაქ მადრიდში და კატალონიაშიც, სადაც სკოლებიც კი დაუხურავთ. ესპანელებს გრძელი და ცხელი ზაფხულით რთულად თუ გააკვირვებ, მაგრამ აპრილის ბოლოს ნორმაზე 7-11 გრადუსით მაღალი ტემპერატურა მათთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა. ოფიციალური მადრიდი ტყის ხანძრების, გვალვებისა და სასმელი წყლის მოსალოდნელი პრობლემებთან შესაბრძოლებლად იჭერს თადარიგს.          

მსგავსი/Related

Back to top button