Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს შვედეთის პრინცესა სტუმრობდა 

შვედეთის გვირგვინოსანი პრინცესა ვიქტორია 29-30 მარტს საქართველოს სტუმრობდა.

საქართველოში შვედეთის საელჩომ განაცხადა, რომ ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის 2023 წლის პირველი ნახევრის პროგრამის ნაწილია. „საქართველოში ვიზიტით, გვირგვინოსან პრინცესას სურს ხაზი გაუსვას ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრობასა და პარტნიორობას“.

ვიზიტის პირველ დღეს პრინცესა ვიქტორია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის დეტალების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება არ გაუვრცელებია.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც პრინცესა ვიქტორიას ოფიციალური მასპინძელი იყო, განაცხადა, რომ იმავე დღეს პრინცესა მისიის წარმომადგენლებსაც შეხვდა და მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

30 მარტს, პრინცესა ვიქტორია სოფელ ხურვალეთის მახლობლად, ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ესტუმრა, სადაც მისიის ინფორმაციით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე „ბორდერიზაციის“ გავლენა საკუთარი თვალით იხილა. პრინცესა ადგილობრივ სკოლასაც ესტუმრა და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.

პრინცესა ვიქტორიამ წეროვანის დევნილთა დასახლებასაც მოინახულა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ჰაბში“ ადგილობრივ ქალ მეწარმეებს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button