ილია II მსოფლიო პატრიარქს „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაძაბულობის განმუხტვას“ სთხოვს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართა, რომელშიც „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის“ გამო „მწუხარებას“ გამოთქვამს და ბართლომე I-ს „დაძაბულობის განმუხტვაში“ ხელის შეწყობას სთხოვს, რაც ილია II-ის აზრით, „პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“.
ილია II-ის მსოფლიო პატრიარქისადმი წერილს წინ უძღვოდა უკრაინაში მოსკოვს დაქვემდებარებული ეკლესიის საქმიანობის შესაძლო აკრძალვის, ასევე უკრაინაში რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის რამდენიმე სასულიერო პირისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციისთვის კიევ-პეჩორის ლავრით სარგებლობის უფლების სამუდამოდ ჩამორთმევის შესახებ ცნობები. აღნიშნულის ფონზე, საზოგადოების ნაწილში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მსოფლიო პატრიარქს შორის ერთგვარი შუამავლობის მცდელობად იქნა აღქმული და გაკრიტიკებული.
ილია II წერილში ასევე „დიდ გულისტკივილს“ გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, „რასაც სამშობლოს დამცველ ჯარისკაცთა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება“ და დასძენს, რომ „ჩვენ ეს პროცესები გავიარეთ და კარგად გვესმის იქ არსებული ვითარების სიმძიმე“.
„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.“, – ნათქვამია წერილში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს“.
ილია II უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მიტროპოლიტის ონოფრეს რუსეთის ეკლესიისგან გამიჯვნასა და მოლაპარაკებებისთვის „გარკვეული ნაბიჯების“ გადადგმის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამ ფონზე მისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევას უსვამს ხაზს. „პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა“, – ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მიტროპოლიტი ონოფრე მკაცრად ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ევროინტეგრაციას და თავსი იკავებდა რუსეთის მიერ დონბასში ინტერვენციის შეფასებისას. თუმცა, 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში განახლებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, იგი უკრაინის გვერდით დადგა და მოუწოდა პუტინს შეეჩერებინა „ძმათამკვლელი“ ომი.
„მართლმადიდებელი სამყარო დღეს არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშეა და ამ ფონზე ყოველი სასიკეთო ნაბიჯი დიდად ფასეული იქნება“, – წერს ილია II.
მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა. თუმცა, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ოფიციალური პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. მიუხედავად ამისა, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მხარდაჭერა გამოხატეს ცალკეულმა მღვდელმთავრებმა და აღნიშნეს, რომ „უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია იყოს, რამეთუ იგი საუკუნეებია იბრძოდა მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია“. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც. „ალბათ, [უკრაინელებს], თავის დროზე უნდა ეღირსოთ ავტოკეფალია, თავიანთი ეკლესიის“, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)