დავით კეზერაშვილსა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს 5 მლნ ევროს ჯარიმა დააკისრეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდროინდელი თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილსა და ამავე უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ასევე ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროსთვის 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დავით კეზერაშვილმა, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის საკონტროლო პაკეტს ფლობს და ალექსანდრე ნინუამ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას წვრთნებისთვის დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება არ მიუღია.
თავდაცვის სამინისტრომ კეზერაშვილისა და ნინუას „დანაშაულებრივი ქმედებით“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბერს მიმართა.
სამინისტრომ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც იმავე წლის 7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და იგი დამნაშავედ ცნო 5 მლნ ევროზე მეტი თანხის გაფლანგვაში. რაც შეეხება ნინუას, იგი უკვე გასამართლებული იყო.
მაშინ, თავად კეზერაშვილმა მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო. მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ტელეკომპანია „ფორმულას“ აქტივების დაყადაღებასა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ცდილობდა.
თავდაცვის უწყებაში ბრალდება უარყვეს და თქვეს, რომ „ფორმულას“ აქტივების გაყინვას არ გეგმავდნენ.
კეზერაშვილი 2004-2006 წლებში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი – 2008 წლამდე თავდაცვის მინისტრად მსახურობდა. შემდგომ მან კერძო ბიზნესში გადაინაცვლა.
2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდეგ, მის წინააღმდეგ რამდენიმე სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათგან ორში იგი დაუსწრებლად გამართლდა. 2014 წელს საფრანგეთის, ხოლო 2016 წელს ლონდონის სასამართლოებმა საქართველოში მის ექსტრადირებაზე უარი განაცხადეს.
კეზერაშვილის ადვოკატისა და ფორმულას დირექტორის გამოხმაურება
ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, დავით კეზერაშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ გეგმავს და მისი დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
დავით კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის ვარაუდით, ხელისუფლების მიზანი ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის დაკისრებული ჯარიმის ტელეკომპანია „ფორმულადან“ ამოღებაა.
„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სამართლებრივ ჭრილში გადავიყვანოთ აღნიშნული საკითხი. თუმცა, აქ სამართლებრივი კომპონენტი ძალიან მცირეა“, – განაცხადა მან.
ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის დაყადაღება და ამ გზით კრიტიკული მედიისთვის პრობლემების შექმნაა.
„ჯერ დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ, ცხადია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ხელისუფლებას სურს [„ფორმულაში“ დავით] კეზერაშვილის წილი დააყადაღოს“, – აღნიშნა მან.
შენიშვნა: მასალა 2022 წლის 29 მარტის 18:15 სთ-ზე დავით კეზერაშვილის ადვოკატისა და ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალური დირექტორის განცხადებების შესაბამისად განახლდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)