Placeholder canvas
ახალი ამბები

ლავროვი დასავლეთს NGO-ების დახმარებით რეგიონში ფერადი რევოლუციების მომზადებაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან ერთად მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის შესახებ დასავლეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა გამორიცხა.

მმართველი უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგოდ თბილისში გამართული საპროტესტო აქციებისა და შედეგად ხელისუფლების მიერ მათი უკან გაწვევის ფონზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მათ შორის, ფინანსური დახმარებით, თავის მიზნებს აღწევს და მსოფლიოს ამ ნაწილში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა რეგიონში, მორიგი „ფერად რევოლუციებს“ ამზადებს.

მისი თქმით, არასამთავრობოები ხელს უწყობენ დასავლეთის ინტერესებს და რუსეთისა და ირანის დისკრედიტაციას ცდილობენ. ამდენად, მისივე თქმით, ის სამხრეთ კავკასიის, ისევე როგორც საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა ძირითად საკითხებზე დასავლეთთან რაიმე ტიპის დიალოგის წარმართვის შესაძლებლობასა და საჭიროებას ვერ ხედავს.

ლავროვის თქმით, დასავლეთმა „სრულიად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია“. „ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა მიზნებს ისახავს დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში“, – დასძინა მან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთი რუსეთის მეზობლებისგან ჩამოშორების მცდელობაშიც დაადანაშაულა. მანვე რუსეთის მიერ ინიცირებულ 3+3-ის ფორმატზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის, ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობას გულისხმობს.

სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველო ჯერაც ფიქრობს ფორმატთან მიერთებაზე და რომ „საქართველოსთვის კარი ღიაა“. მან დასავლეთი 3+3 ფორმატის განვითარებისთვის რუსეთის მხრიდან გაწეული ძალისხმევის ძირის გამოთხრაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ დასავლეთი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს თავს ახვევს საკუთარ სერვისებს. მისივე მტკიცებით, დასავლეთი ასევე ცდილობს დაამყაროს და გაამყაროს თავისი „ჰეგემონია“ ყველგან, მათ შორის, მისი საზღვრებიდან შორს, რითაც არღვევს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამი ახლო მეზობლის „კანონიერ ინტერესებს“. მანვე დააზუსტა, რომ რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესებს გულისხმობს.

შესწორება: სტატიის დასაწყისში შეცდომით იყო ნათქვამი, რომ ლავროვისა და მირზოიანის პრესკონფერენცია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სომხეთში ვიზიტის შემდეგ გაიმართა. სინამდვილეში, მოსკოვს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა. „სამოქალაქო საქართველო“ ბოდიშს იხდის უზუსტობისთვის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button