კობახიძის თქმით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, დადებითი მიგრაციული სალდო გვექნებოდა
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 20 თებერვალს Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში ქვეყნიდან მოქალაქეების მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ „რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა“.
- 28/03/2017 – საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზეიმობს
კობახიძის განცხადებით, „როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს“. მისივე განმარტებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-2021 წლებში, ქვეყნიდან 29 000 ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა.
საპირწონედ მან აშშ-ის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ მკაცრი სავიზო პოლიტიკა მოიყვანა და ხაზი გაუსვა, რომ მაგალითად 2021 წელს, აშშ-მა მათი სავიზო განაცხადების მხოლოდ 37% დააკმაყოფილა. „მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს“, – დასძინა, რომ „აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა“.
„საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს“, – თქვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“.
საგულისხმოა, რომ 18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციის ფარგლებში მოწყობილ პანელურ დისკუსიაზე, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიღწევად დაასახელა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)