ახალი ამბები

გაფიცული ოპერატორების გათავისუფლების შემდეგ „ფორმულა“ ორმა ჟურნალისტმა დატოვა

3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულადან“ საინფორმაციო სამსახურიის 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლეს, რომლებიც ხელფასების გაზრდის მოთხოვით 31 იანვრიდან გაფიცულები იყვნენ. შედეგად, „სამართლიანი პროტესტის წინაღმდეგ“ ხელმძღვანელობის მხრიდან „ცილისწამებლურ კამპანიის“ გამო ტელევიზია სოლიდარობის ნიშნად, ორმა ჟურნალისტმა – მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვეს.

რას ითხოვდნენ ოპერატორები?

„ფორმულადან“ გათავისუფლებული ოპერატორების მიერ გამოცემა „მედიაჩეკერისთვის“ გაგზვნილ წერილში წერია, რომ მათ ხელმძღვანელობას ხელფასების გაზრდის კომპრომისული ვარტიანტი – ხელფასის მომატების რამდენიმე თვეზე გადანაწილება შესთავაზეს, თუმცა ტელეკომპანიამ მათი შეთავაზება უპასუხოდ დატოვა.

ოპერატორების განცხადებით, „პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ დამამცირებელი დამოკიდებულება“ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე „კატეგორიული უარი“ მიიღეს, რის შემდეგაც „პროტესტის ფორმად გაფიცვა აირჩიეს“.

„ფორმულას“ პოზიცია

„ფორმულას“ იურისტმა „მედიაჩეკერს“ უთხრა, რომ ოპერატორებმა გაფიცვისთვის საჭირო სამართლებრივი ნორმები დაარღვიეს, რომლის მიხედვითაც, „გაფიცვის მონაწილეებმა ჯერ სახელმწიფოსა და დამსაქმებელს უნდა მიმართონ, რათა დაინიშნოს მხარეთა შორის მომლაპარაკებელი, მედიატორი. გაფიცვის უფლება კი – მედიატორის დანიშვნიდან 21 დღის გასვლის შემდეგ წარმოიშობა“.

„ამ შემთხვევაში ჯერ დაიწყო პროტესტი, არ შეასრულეს სამსახურეობრივი მოვალეობა, შემდეგ წერილობით გვაცნობეს, სადაც მხოლოდ მითითებული იყო, პროტესტის შესახებ და რომ ხელფასის მატებას ითხოვდნენ“.

„ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნანა ინწკირველმა გამოცემა „ნეტგზეთს“ განუცხადა, რომ ოპერატორებმა ხელფასების საშუალოდ 2 500 ლარამდე გაზრდის მოთხოვნით ტელევიზიის გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბერიძეს 31 იანვარს მიმართეს, ამის შემდეგ კი – გადაღებებზე წასვლაზე უარი განაცხადეს.

მისივე თქმით, ხელფასის გაზრდის სურვილი რამდენიმე ოპერატორმა პროტესტის დაწყებამდეც მასთან დააფიქსირა, თუმცა ამას თუ პროტესტი მოჰყვებოდა, ამის არც ინფორმაცია და არც მოლოდინი ჰქონდა. ინწკირველის განცხადებით, „არ ყოფილა სახელფასო თვე, როდესაც თანამშრომლებს ანაზღაურება სრულად არ ჩარიცხვიათ“.

„სურვილი ყოველთვის იყო, რომ ხელფასები მოგვმატებოდა, მაგრამ ჩვენ ისეთ რეჟიმში ვმუშაობთ, წინ გვაქვს დიდი სასამართლო პროცესი, არ ვიცი, როგორ დამთავრდება ის. ტელევიზია მომგებიანი არ არის ამ ეტაპზე… მე არ ვიცი, ალბათ, დირექციამ უფრო კარგად იცის, არის თუ არა მატების საშუალება. რისი საშუალებაც იყო, მიზერულ ხელფასზე მომუშავე 4 ოპერატორს, რომლებიც სტაჟიორად მუშაობდნენ, მოემატათ ხელფასი 100%-ით. ამ ეტაპზე არ იყო [დანარჩენებისთვის] მატების საშუალება“, – ხაზი გაუსვა მან.

ფორმულას განცხადება

„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რა წნეხის, დევნის და ფინანსური შემოსავლების შეზღუდვის პირობებში უწევს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას საქმიანობა. ამის მიუხედავად, ფორმულას არასდროს დაურღვევია ვალდებულებები საკუთარი თანამშრომლების წინაშე“, – ნათქვამია „ფორმულას“ მიერ 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანიის განცხადებით, ოპერატორებმა ხელმძღვანელობას ხელფასების მომატების მოთხოვნით 31 იანვარს მიმართეს და მიუხედავად განმარტების, რომ „ახლა მატება შეუძლებელი იყო, ოპერატორებმა აღარ ისურვეს დიალოგის გაგრძელება და მეორე დღიდანვე უარი თქვეს საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე“. „ამ დღეების განმავლობაში ტელევიზიის ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე. ჩავარდა გადაღებები და საინფორმაციო სამსახური ხარვეზებით ოპერირებდა“.

„ფორმულას“ განმარტებით, 1 თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების როგორც წეპირი, ისე წერილობითი სახის არაერთი მცდელობა. „შევთავაზეთ, რომ უშუალო ხელმძღვანელთან კომუნიკაციით, ინდივიდუალურად ყოფილიყო განხილული ხელფასის სამომავლოდ მატების საკითხი და კრიტერიუმები. გვჯერა, რომ ხელფასის მატება ინდივიდუალური მოლაპარაკების საკითხია და მიბმულია თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე, უნარებსა და პასუხისმგებლობაზე“. „[თუმცა], მათგან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას/რამე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას“.

კომპანია, შრომის კოდექსზე მითითებით, აღნიშნავს, რომ ოპერატორებმა არ დაიცვეს გაფიცვის გამოცხადების კანონით დადგენილი ვადები და წესი. „3 დღის განმავლობაში უხეშად დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ტელეკომპანიას, რასაც შესაბამისად მოჰყვა გაფრთხილებები და შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპერატორების პასუხი

კომპანიის საპასუხოდ, ასევე 4 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ოპერატორები განმარტავენ, რომ „მათი პროტესტის მიზანი მხოლოდ შრომითი პირობების გაუმჯობესება იყო და ამასთან დაკავშირებული მოქმედებები კონსტრუქციული“. ოპერატორების განმარტებით, მათ სურდათ, შრომით პირობებზე დავა ორგანიზაციის შიგნით მოგვარებულიყო და კომპანიასთან შეთანხმებით დასრულებულიყო. ამასთან, საწყის ეტაპზე, ისინი ანაზღაურების მხოლოდ 10%-ით ზრდაზეც იყვნენ თანახმა. მათივე თქმით, ტელეკომპანიის მხრიდან გაჟღერებული 2 500-ლარიანი საშუალო ხელფასი, 25 გაფიცული თანამშრომლიდან მხოლოდ 6-ს ჰქონდა.

გათავისუფლებული ოპერატორების განცხადებით, მათ 3 თებერვალს, ხელმძღვანელობას წერილობითაც მიმართეს და კომპრომისული ვარიანტი – ხელფასის ეტაპობრივი ზრდა, კიდევ ერთხელ შესთავაზეს, თუმცა დამსაქმებელმა მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი პროფესიის პატივისცემისა და ქვეყანაში კრიტიკული მედიის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ წარმოშობილი სიტუაცია კვლავ მოლაპარაკებების რეჟიმში დავაბრუნოთ, თუ ეს კომუნიკაცია და დიალოგი ჩვენი ღირსების პატივისცემით წარიმართება და შრომითი და სოციალური საკითხების საქმიან და სამართლიან გარემოში განხილვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – ნათქვამია ოპერატორების განცხადებაში.

„ფორმულას“ ოპერატორები პროტესტს აგრძელებენ და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან ღირსებისშემლახავი დამოკიდებულების გამო ბოდიშის მოხდას, სამსახურში აღდგენას, ხელფასების მატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ისინი სამართლებრივი დავის დაწყებასაც გეგმავენ.

შენიშვნა: მასალა 5 თებერვალს, 14:45 სთ-ზე, „ფორმულასა“ და ოპერატორების განცხადებების შესაბამისად განახლდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button