დაწურულადევროპა

შვედეთი ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა

რა ხდება?

2023 წლის პირველი იანვრიდან შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, პოლიტიკის მკვლევარი

რას ნიშნავს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა?

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ ევროკავშირის ქვეყნები ხდებიან ექვსი თვის ვადით, როტაციის საფუძველზე. ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა წამყვან როლს ასრულებს ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირების კოორდინირების საქმეში.

რატომაა ეს მნიშნელოვანი?

უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, შვედეთის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სტოკჰოლმმა უარი თქვა სამხედრო ნეიტრალიტეტზე და ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილებაც მიიღო. ქვეყანა ასევე თანმიმდევრულად დაეხმარა უკრაინას როგორც ფულით, ისე იარაღით.

ომის ფონზე, ევროკავშირმა გეოპოლიტიკური როლის თამაში გაცნობიერებულად პირველად დაიწყო, თანაც მისთვის უჩვეულო, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. გალღვა თითქოს დიდი ხნით გაყინული გაფართოების თემაც. ამასთან, ენერგეტიკის, მიგრაციის, კანონის უზენაესობის თემებზე წევრებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია. შვედური დიპლომატიის როლი მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანობის შესანარჩუნებლად.

ესეც წაიკითხეთ: შვედეთი არჩევნების მოლოდინში: რადიკალების ნორმალიზაცია

როგორია შვედეთის ხედვა უკრაინასთან მიმართებაში?

შვედეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციები დეტალურად აისახა ოფიციალურ პროგრამაში.

მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკრაინას. რუსეთის სამხედრო აგრესია მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში არ არის განხილული. შვედეთი გლობალურად ხედავს იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ აგრესიამ გამოიწვია. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ცალსახადაა შეფასებული საფრთხედ ევროპული უსაფრთხოებისთვის.

დოკუმენტში დადასტურებულია მზადყოფნა უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელებისადმი. საუბარია სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამართლებრივ მხარდაჭერაზე. ნახსენებია უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ტრანსატლანტიკური ერთიანობის განმტკიცებასა და ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის ფონზე დეზინფორმაციის გავრცელება დასახელებულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ.

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე საუბრისას რუსეთთან ერთად მოხსენიებულია ბელარუსიც. ნახსენებია სხვა შესაძლო აქტორებიც, რომლებსაც თავიანთი ქმედებების გამო შესაძლოა სანქციების ან რაიმე სხვა სახით პასუხიმგებლობა დაეკისროთ.

შვედეთის სხვა პრიორიტეტები

შვედეთის ერთ-ერთი პრიორიტეტი მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის უფრო მკაცრი პოლიტიკის ჩამოყალიბებაა. ამ მხრივ, ბევრი სხვა ქვეყანა ეჭვით ეკიდება შვედეთს, სადაც მიგრაციის საკითხებს მინისტრთა კაბინეტში ულტრა-მემარჯვენე “შვედი დემოკრატები” უძღვებიან. შვედეთის ელჩი ევროკავშირში, ულფ დანიელსონი ირწმუნება, რომ შიდა პოლიტიკა თავმჯდომარეობის დღის წესრიგზე პირდაპირ გავლენას არ მოახდენს, თუმცა არც უამისობაა.

მნიშვნელოვანი თემებია ინდუსტრიისა და თავისუფალი ვაჭრობის წახალისება. თავისუფალი ვაჭრობის მოყვარული შვედეთი და სუბსიდიების მოყვარული საფრანგეთი მეორე საკითხზე ვერ თანხმდებიან, თუმცაღა პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ხელის გამოღებას ერთად აპირებენ.

აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობების თემაც შვედეთის ერთ-ერთი თავისტკივილი იქნება, რადგანაც ზოგიერთი ევროპელი ღელავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული მასშტაბური სუბსიდიები “მწვანე ინდუსტრიის” წასახალისებლად ევროპულ ეკონომიკას დააზარალებს.

კანონის უზენაესობის მხრივ, უკრაინაში მიმდინარე ომის კვალდაკვალ, შვედეთი აპირებს რუსეთსა და ბელარუსში რეპრესიული მექანიზმების მზარდ გამოყენებაზე გაამახვილოს ყურადღება და ამ ფონზე ამ ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გაზარდოს.   

არის თუ არა ნახსენები საქართველო?

საქართველო ზემოხსენებულ დოკუმენტში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები, ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. კერძოდ მაშინ, როდესაც საუბარია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე უკრაინისა და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ხაზგასმულია, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირთან არის დაკავშირებული და იქვე ნათქვამია, რომ მათ სჭირდებათ მხარდაჭერა რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მათ შორის კი, სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისით გატარებულ რეფორმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ.

მსგავსი/Related

Back to top button