ახალი ამბები

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ აფრთხილებს  

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების მიმართ, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა.  

ეროვნულმა ბანკმა განცხადება იმ ფონზე გამოაქვეყნა, როდესაც „კოვიდ-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების შემცირების მიზნით, აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტირებისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სატრანზიტო კორიდორის“ გამოყენება გაიზარდა.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ირანის მიმართ აშშ-ს სრულმასშტაბიანი სანქციების მოქმედების პირობებში“ ირანთან ან/და ირანული წარმოშობის საქონელთან პირდაპირ/ირიბად დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციები, მათ შორის ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საბანკო ანგარიშსწორება, „შესაძლებელია, აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს“.  

შესაბამისად, ასეთი გარიგებები „საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკს წარმოშობს“.  

ბანკის თქმით, აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, „კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, ასევე, განახორციელონ ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების გაძლიერებული მონიტორინგი და  სანქციების დარღვევის რისკის არსებობის შემთხვევაში მსგავსი ტიპის ტრანზაქციები არ შეასრულონ“.  

ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების ჩართულობით შემუშავდა დებულება, რომელშიც „დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც კომერციული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს“.  

ბანკმა ხაზი გაუსვა, რომ მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისთვის. „დამატებით, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან თავიანთი შიდა პოლიტიკა-პროცედურების თანახმად, კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმები გამოიყენონ“, – დასძინა ბანკმა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button