ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს მოსაზრებით, „იმედზე“ შეინიშნება არასამთავრობოთა წინააღმდეგ კამპანია

„ტელეკომპანია „იმედზე” შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის არსებობა [და] „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკაში მკვეთრად არის აქცენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვა“, – ნათქვამია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ საბჭოს მიერ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განაცხადზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.

რას განიხილავდა ქარტიის საბჭო?

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის“ საბჭო ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ 11 სექტემბრის განაცხადს განიხილავდა, რომელშიც ორგანიზაცია ამბობდა, რომ „იმედის“ ყოველკვირეულ გადაცემა „იმედის კვირაში“ 2022 წლის 11 სექტემბერს გასული სიუჟეტით„მდიდარი ენჯეოების კლანი“ – წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ ქარტიის ის პრინციპი დაარღვია, რომლითაც მას საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ევალებოდა, ხოლო ჟურნალისტმა ნათია თოიძემ ფაქტებიც განზრახ დაამახინჯა.

კერძოდ, „საიას“ განცხადებით, ცრუ იყო სიუჟეტის წარმდგენ ტექსტში წამყვანის მტკიცება, რომ არასამთავრობოთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედისთვის“ ვერ იცლის, რადგანაც „საიას“ თავმჯდომარემ ჟურნალისტს უპასუხა და წარსულში „იმედისთვის“ ინტერვიუც არაერთხელ მიუცია.

„საია“ ასევე ამტკიცებდა, რომ სიუჟეტის სათაურიც, რომელიც „ცალკე ჟურნალისტური პროდუქტია, [და] უდიდეს გავლენას ახდენს მაყურებლის განწყობაზე“ და მასში მოცემული ინფორმაცია „გადაუმოწმებელი და უსაფუძვლოა’’. „ამასთან არ არის მოცემული სიუჟეტში აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე მოსაზრება არც-ერთი რესპოდენტისგან და თავად ჟურნალისტები არც კი ცდილობენ, დაასაბუთონ, რატომ და რის საფუძველზეა საია ,,მდიდარი’’ და ,,კლანური’’ არასამთავრობო ორგანიზაცია“.

რას ეხებოდა სიუჟეტი?

„იმედის კვირაში“ 11 სექტემბერს გასული დაახლოებით 12-წუთიანი სიუჟეტი სახელწოდებით – „მდიდარი ენჯეოების კლანი“ ხელისუფლების პოლიტიკისადმი კრიტიკული სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია), „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)- საქმიანობას ეხებოდა, რომლებიც როგორც წამყვანმა განმარტა, „ძირითადად ხელისუფლების ოპონირებით და ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერით არიან დაკავებულნი“.

„ამაში ხარჯავენ დროს და ენერგიას, იმედისთვის კი უმრავლესობა ვერასდროს ვერ იცლის, რომ კომენტარი მისცეს. ნათია თოიძე საჯარო ფაქტებზე დაყრდნობით მოგიყვებათ, რა თამაშს თამაშობს მდიდარი ენჯეოების კლანი საქართველოში“, – დასძინა მან.

უკვე სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციების ვებგვერდებზე მიმდინარე და დასრულებული რამდენიმემილიონიანი პროექტების შესახებ ინფორმაცია „საკმაოდ მწირია“ და გახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია „გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი არ არის“.

ამასთან, მასალაში არასამთავრობოების მისამართით შემდეგი შეფასებები ისმის:

  • „ხარჯავს თუ არა დონორების თანხებს მიზნობრივად სამი ქართული ყველაზე გავლენიანი და ახლა უკვე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია რთული სათქმელია, ერთი კი ცხადია, პოლიტიკაში არაფორმალურ მოთამაშეებად ჩაერთვნენ და ოპოზიციურ ფლანგზე პროცესების მართვასაც ცდილობენ, ითხოვენ მთავრობის გადადგომას, ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას, გამოდიან აქციებზე და აჟღერებენ პოლიტიკურ მოთხოვნებს“.
  • „წერენ ანგარიშებს, რასაც შემდეგ მათივე დონორები საკუთარ ანგარიშებში ციტირებენ და საზოგადოება ისმენს გამოგონილ ისტორიებს, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო და როგორი მისაბაძი იყო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ნაციონალური მოძრაობა გასაოცარი დემოკრატიითა და რეფორმებით“.
  • „წაშლილია ზღვარი და სულ უფრო რთული ხდება, გაარჩიო, სად მთავრდება ნაციონალური მოძრაობა და სად იწყება მრავალმილიონიანი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში”.
  • „ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან ძნელად გასარჩევია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები“.
  • „ე.წ გავლენიანი მდიდარი არასამთავრობოები სულ უფრო ემსგავსებიან კლანს“.

პარალელურად, სიუჟეტში გვხვდება ქართული ოცნების წარმომადგენლების კრიტიკული შეფასებები არასამთავრობო სექტორის მიმართ. საპირწონედ, მოცემულია მხოლოდ „საიას“ თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის კომენტარი. ჟურნალისტის თქმით, დანარჩენ ორ ორგანიზაციაში მათ ზარებს არ უპასუხეს.

კიდევ რა დაადგინა საბჭომ?

ქარტიამ დაადასტურა, რომ „საიას“ მიერ გასაჩივრებული პრინციპები “იმედის” სიუჟეტში მართლაც დაირღვა.

„საავტორო გადაცემის [წამყვანს] ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“, – ნათქვამია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ ასევე მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტს აკლია გადამოწმება და წყაროები. „ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს/ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს“.

საბჭოს განმარტებით, ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. საბჭოს განმარტებითვე, აგრეთვე არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ინფორმაციის ღია წყაროებთან გადამოწმების ეთიკური ვალდებულება.

ამასთან, საბჭოს განმარტებით, ჟურნალისტმა იცოდა, რომ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. კერძოდ, „სიუჟეტში ჩანს, როგორ უმარტავს „საიას“ თავმჯდომარე ჟურნალისტს, რომ შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მოძიება თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და მოგვიანებით ინტერვიუს შეთანხმება“, თუმცა მაინც ამბობს, რომ „დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია [„საიას“ შემთხვევაშიც] მწირია და არ ჩანს თუ რაშია კონკრეტულად, დახარჯული თანხები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button