ახალი ამბები

ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილსა და რატი ბრეგაძეს შეხვდა

თბილისში ვიზიტად მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი, პაველ ბლაჟეკი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ კოლეგას, რატი ბრეგაძეს შეხვდა.

პრემიერმინისტრთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს, რა დროსაც პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საუბრისას, შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე გაამახვილეს ყურადღება. მათვე ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის როლი და ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნეს.

მხარეებმა ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტზეც ისაუბრეს, რომელიც პრაღაში ჩატარდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „სამიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ხელს შეუწყობს ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებას“.

ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, თავის მხრივ მინისტრმა ბლაჟეკმა დაადასტურა, რომ „[პრემიერ ღარიბაშვილს] შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს და რომ მას [მინისტრ ბლაჟეკს] ესმის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია და კონტექსტი“.

ქართველ კოლეგასთან შეხვედრა

საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა, რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობას იუსტიციის სფეროში რეფორმისა და ციფრული მმართველობის მხარდაჭერის; ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის; პენიტენციური, პრობაციის და დანაშაულის პრევენციის სისტემების ეფექტიანი მართვის; სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით.

რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების დამყარება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების დაცვაზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება; იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეფორმების გაგრძელება; სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაცია; ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული მმართველობის პროგრესი.

შეხვედრისას, მინისტრებმა ევროპული ინტეგრაციისკენ საქართველოს გზაზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების განხორციელებაზეც იმსჯელეს.

„ჩვენ ბევრი საინტერესო რამ განვიხილეთ. უპირველეს ყოვლისა, ესაა თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს. საქართველო ძალიან ცდილობს და მოხარული ვარ ეს ინფორმაცია ბრიუსელში შესაბამის კომისარს გადავცე“, – განაცხადა ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პაველ ბლაჟეკმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაც მოინახულა და ორ ქვეყანას შორის არსებული ექსტრადიციის შეთანხმების ფარგლებში იქ არსებული პირობები შეამოწმა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს ციხეებში არსებული პირობები „ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“. „ექსტრადიციის პროცედურები, შესაძლოა, წარმატებით გაგრძელდეს, რადგანაც საქართველო, ჩემი აზრით, აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომელიც ამ მიზნით უნდა დააკმაყოფილოს“, – დასძინა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button