პრეზიდენტი: არ არის გამორიცხული, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 17 ოქტომბერს, კიშინიოვში, მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებაზე საუბრისას, განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული, რომ მოგვიწიოს [რუსეთთან არსებული] სავიზო რეჟიმის გადახედვა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა არ არის საფრთხის შემცველი, თუმცა „ეს ნამდვილად არის გამოწვევა“. „აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმია გამოყენებული იმისთვის, რომ არ გაჩნდეს საფრთხე“, – დასძინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
„ამისთვის მგონია, მეტი კომუნიკაცია და მეტი ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა შესაძლო საფრთხე და საკითხი არის რეალურად გათვალისწინებული ხელისუფლების მიერ და ყველა ზომაა მიღებული“, – ხაზი გაუსვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერის ხელისუფლების გადასაწყვეტია „საზოგადოებასთან ერთად და მისი ინფორმირებით“. „ყველაზე მთავარი, ალბათ, ეს არის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღესვე ფინანასთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ „დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანას აქვს“. შესაბამისად, „ამ ეტაპზე“ იგი რუსეთთან არსებული სავიზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.
„თუ დადგება ისეთი მომენტი, როცა ქვეყანაში არსებული რისკები და არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა დღეს ამის საჭიროება არ არის“, – დასძინა მან.
საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა. თავდაპირველად, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 90 დღით დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ეს ვადა 1 წლამდეა გაზრდილი.
მიმდინარე წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ საქართველოში რუსი ვიზიტორების მზარდი რაოდენობის პარალელურად მათთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედება საზოგადოების ნაწილმა დღის წესრიგში არაერთხელ დააყენა. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთთან არსებული სავიზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროება მოცემული მომენტისთვის არ არსებობს.
- 04/08/2022 – მოქალაქეთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს
- 17/08/2022 – სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი რუსეთის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვს
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების მოთხოვნის გამო „ომისა და ღალატის პარტია“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, „მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი“ არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის მოქალაქეების მიმართ „ქსენოფობიურ“ და „შოვინისტურ“ კამპანიაშიც კი დაადანაშაულა.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/10/2022 – სალომე ზურაბიშვილი მოლდოვას სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)