skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოლდოვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 17 ოქტომბერს, პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყნებს შორის ორმხრივი და საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანა სოლიდარულია ერთმანეთის მიმართ და მხარს უჭერს ერთმანეთს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა და იგორ გროსუმ უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმსჯელეს, „რომელიც ევროპისა და მსოფლიოსათვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „დღეს მსოფლიომ სხვა რეალობა და რუსეთის აგრესიის ნამდვილი სახე დაინახა“.

საქართველოს პრეზიდენტმა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის არსებულ 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზეც გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „მოლდოვა იყო ის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და 30 წელია, რაც მოლდოვა ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

შეხვედრის შემდეგ, თავის მხრივ, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე იმსჯელა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან ენერგეტიკის, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროებში. „ჩვენ ვიმუშავებთ კომერციულ-ეკონომიკურ სფეროში უფრო ინტენსიური თანამშრომლობისთვის“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button