skip to content
ახალი ამბები

ილია II ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმისას გარდაცვლილი გოგონას მშობლებს უსამძიმრებს

„სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის მშობლებისადმი გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადშეკეთებულ შადრევანში 13 წლის სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ორი მოზარდი ბიჭის მდგომარეობა კი – ამ დროისთვის სტაბილურია.

უკვე დღეს, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მცხეთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თქვა, რომ „არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგიტყდეთ გული; ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვეხმარება და გვაძლევს ძალას მის გადასალახად“.

მანვე აღნიშნა, რომ მრავალ სასწაულთაგან, რომელიც გვინახავს, „გამორჩეული აი, ეს სასწაულია, რომ უფალი ჩვენთან არის“. „უფალი გვიძღვის წინ, უფალი არ დაგვტოვებს, უფალი აღგვავსებს სიყვარულით“, – განაცხადა ილია II-მ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button