
კელი დეგნანი ყირიმის ხიდის აფეთქებასა და „ხალხის ძალაზე“ საუბრობს
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სასემინარო კურსდამთავრებულთათვის გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უამრავი სპეკულაცია ვრცელდება ინციდენტის შესახებ და იმაზე, თუ როგორ შეაფერხა ამან რუსეთის თავდასხმები უკრაინელებზე“.
„ცხადია, ეს მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ „რაც შეეხება ამ სატვირთო მანქანას, არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია მის შესახებ“.
ელჩმა დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, საიმიგრაციო სამსახურთან, სანაპირო დაცვასთან და სასაზღვრო სამსახურთან. „ჩვენ უკვე ათწლეულებია ამ სტრუქტურებთან ვმუშაობთ და ვცდილობთ მათი შესაძლებლობები გავაძლიეროთ და დავეხმაროთ საკუთარი საზღვრების დაცვაში, რათა რუსეთის აგრესია შეაკავონ“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ „ამას მომავალშიც გავაკეთებთ“.
„ხალხის ძალა“
მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ელჩის მისამართით გავრცელებულ წერილებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ჩვენ ძალიან მკაფიო, თანმიმდევრული და გამჭვირვალე ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ზრუნავს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოზე და რას აკეთებს აშშ ამ ქვეყანაში“.
მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, თუ რომელი ძალა იყო ხელისუფლებაში“, აშშ უკვე 30 წელია ეხმარება საქართველოს, რომ უფრო უსაფრთხო იყოს, დაიცვას საკუთარი საზღვრები, განავითაროს ეკონომიკა, გააუმჯობესოს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები და დემოკრატიული ინსტიტუტები ააშენოს.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო „ძალიან პროგრესული დემოკრატიული ქვეყანა იყო 1918 წელს და ახლაც იგივე მდგომარეობას უბრუნდება“. „ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს დიდი უმრავლესობის სურვილია, არამედ ეს ასევე საჭიროა საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად, რაზეც საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა უნდა გაამახვილოს ყურადღება“, – დასძინა მან.
ამ კონტექსტში, აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„საქართველომ იმდენი გააკეთა და იმდენს მიაღწია“, – აღნიშნა მან. „მომდევნო ნაბიჯი საკმაოდ ახლოსაა, მაგრამ საქართველოს ლიდერები 100 პროცენტით ფოკუსირებულნი უნდა იყვნენ იმაზე, რომ ამას ქართველი ხალხის გულისთვის მიაღწიონ“. „სწორედ ამაზეა ფოკუსირებული ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს დახმარებაზე: ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს“, – დასძინა ელჩმა დეგნანმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 05/10/2022 – აშშ-ის ელჩი არასამთავრობოებზე თავდასხმების, „ხალხის ძალისა“ და დეოლიგარქიზაციის შესახებ საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)