საქართველო უარყოფს რუსეთის ბრალდებას ყირიმის ხიდის აფეთქებასთან კავშირზე
საქართველოს შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეებმა – ალექსანდრე დარახველიძემ და გიორგი კაკაურიძემ 12 ოქტომბერს უარყვეს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ბრალდება, თითქოს 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქებისას გამოყენებული ასაფეთქებელი მასალა დანიშნულების ადგილზე საქართველოს გავლით მოხვდა.
„საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს“, – განაცხადა დღეს შს მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მანვე დასძინა, რომ „როგორც ტრანზიტული ისე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“.
თავის მხრივ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარი არ გაუვლია „არც ტროტილით და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ ტრაილერს“. „საბაჟო სამსახურს თავისი მოვალეობის შესრულებაში ეს პროცედურა აქვს ძალიან კარგად გაწერილი და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა“, – ხაზი გაუსვა მან.
კაკაურიძის თქმით, „ზოგ შემთხვევაში პოლიტიკოსებისგან, ზოგ შემთხვევაში სპეცსამსახურებისგან გარკვეული ბრალდებები ისმის, რომლის უკანაც არანაირი დასაბუთება [არ არის]“. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ თუკი „ვიღაცამ უბრალოდ რაღაც თქვა“, მას ამის გამო თავის მართლების ვალდებულება არ აქვს.
„თუ ვინმე, არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ [ტვირთმა] საქართველოს საზღვარი გაიარა, მაგ შემთხვევაში, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან [გამოვლენილნი]“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ და დასძინა, რომ თუკი აღნიშნული ინფორმაცია „სპეკულაციაა“, მას შესაბამისმა სამსახურებმა უნდა უპასუხონ.
რას ამბობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახური?
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს, დილით, რუსეთ-უკრაინის დამაკავშირებელი ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები დგანან.
უსაფრთხოების სამსახურმა დანიშნულების ადგილამდე ასაფეთქებელი ნივთიერებების მიტანის სქემაც გაასაჯაროვა. კერძოდ, უწყების თქმით, სამშენებლო დანიშნულების მქონე პოლიეთილენის რულონში დამალული ასაფეთქებელი საშუალება ოდესის პორტიდან ბულგარეთში ჩაიტანეს. უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ამის შემდეგ ტვირთის ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი – უკვე სომხეთში გადატანაში უკრაინის სამი, საქართველოს ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე იყო ჩართული.
უწყების მტკიცებით, ტვირთი 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის პერიოდში ერევანში განაბაჟეს, რის შემდეგაც გამგზავნისა და მიმღების დოკუმენტაცია შეუცვალეს და ის 4 ოქტომბერს, საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტით კრასნოდარის მხარის ერთ-ერთ საცავში მიიტანეს და ადგილზევე ჩამოტვირთეს.
ამავე ვერსიით, 7 ოქტომბერს ტვირთს გამგზავნისა და მიმღების მონაცემები კიდევ ერთხელ შეუცვალეს და იმავე დღეს რუსეთის მოქალაქეზე რეგისტრირებულ სატვირთო ავტომობილში მოათავსეს, რომელმაც ის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე მგზავრობისას ააფეთქა.
უწყების ცნობით, არსებული მდგომარეობით, საქმის ფარგლებში 8 პირია დაკავებული, მათგან 5 რუსეთის მოქალაქეა, 3 კი – უკრაინისა და სომხეთის.
უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით საქმეზე გამოძიება გრძელდება და მისი თანამონაწილეები, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქენი პასუხს რუსული კანონმდებლობის შესაბამისად აგებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)