Placeholder canvas
ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 10 ოქტომბერს შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საუბრისას, პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა შვეიცარიის მიმართ საქართველოს დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე შვეიცარიის მიერ შუამავლის მანდატის შესრულებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „მზად ვართ, გავაგრძელოთ პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ“.

ხაზი გაუსვა რა რომ, 2022 წელს შვეიცარიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღნიშნეს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „არსებულ თანამშრომლობას დაემატა უკანასკნელ წლებში ისეთი სფეროებიც, როგორებიცაა – გარემოს დაცვა, პროფესიული განათლება, ხალხთაშორისი ურთიერთობები და სხვა“.

„განსაკუთრებით ვაფასებთ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წვლილს საქართველოს ეკონომიკის და საზოგადოებრივ გარდაქმნებში“, – დასძინა მან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ქელინმა აღნიშნა, რომ შვეიცარიის სურვილია, რომ „უფრო აქტიურად ვიყოთ ჩართულნი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებში. ჩვენი პროგრამა 2022 – 2025 წლისთვის ცხადყოფს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო შვეიცარიისთვის“.

მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ „ამ რთულ დროს, მნიშვნელოვანია ფოკუსირება საერთო ღირებულებაზე“. ამ კონტექსტში, პრეზიდენტმა ქელინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი, ირენ ქელინი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. იგი ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button