მოსაზრებაწერილები

მოსაზრება: თბილისის საგარეო პოლიტიკა: თავკერძობიდან თავნებობამდე

ნარიყალას პოლიტიკური ზარბაზნები თბილისს რა ხანია დადუმებული და დასაწყობებული აქვს. ჩვენს მეთოფეებს საგარეო პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობა უკვე იმდენი ხანია აღარ მიუღიათ, რომ მოყვარის მოწინააღმდეგისგან გამორჩევაც უჭირთ, ბოლო დროს კი მოკავშირეების მიმართ უმისამართო ცეცხლის გახსნაც დასჩემდათ.

ავტორი

ავტორი

გიორგი ფანიაშვილი ქართული საგარეო პოლიტიკის კომენტატორი და პროექტ “რევიზორის” რედაქტორია. ის 12 წელი იყო დიპლომატიურ სამსახურში.

28 სექტემბერს, უეცრად, ჰოი საკვირველებავ, ოფიციალური თბილისის ჟანგმოდებულმა ზარბაზნებმა უგვანი დუმილი დაარღვიეს და შემორჩენილი ჭურვები მინსკის მიმართულებით ხმაურიანად გაისროლეს. თბილისის დუმილს გვარიანად შეგუებული მოწინააღმდეგეებიცა და პარტნიორებიც ამ მოულოდნელმა გასროლამ ფრიად დააბნია. საქმე ის გახლდათ, რომ რუსეთის მიერ ხელდასმულმა ბელარუსის თავკაცმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ მოცალეობისას (მას ახლა ბევრი თავისუფალი დრო აქვს), აფხაზეთში შეიარა და იქ ასლან ბჟანიას შეხვდა, რამაც თბილისი შეაფხიზლა და ხმა ამოაღებინა.

ამ ყველაფერმა კი ერთი რამ გამოააშკარავა – საქართველო ძველ სამეგობრო ორბიტას კარგა ხანია მოწყდა და თავგადასავლებით აღსავსე გზას ადგას, რომელმაც ის შესაძლოა დიდ განსაცდელამდე მიიყვანოს. 

დუმილი, რომელიც ყოველთვის ოქრო არ არის…

ლუკაშენკას აფხაზეთში სტუმრობა ან ამ ოკუპირებული ტერიტორიის აღიარების გზაზე გადადგმული ნაბიჯია ანაც ასეთი აღიარების გადადების და უკეთესი პირობებით გამოვაჭრების მცდელობა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ლუკაშენკასმაგვარი სტუმარი სოხუმისთვისაც ვერაა დიდი ხეირი – აფხაზეთის ლეგიტიმურობას მისი ბიჭვინთაში გამოჩენა ნაკლებად წაადგება, რადგან თავად ლუკაშენკას აქვს ლეგიტიმურობის გვარიანი პრობლემა.

ოღონდ, თუკი თავისთავად ლუკაშენკას ვიზიტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ არ ღირს, თბილისის ხანგრძლივი დუმილი, რომელიც ამ სტუმრობას წინ უსწრებდა, ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. 

სანამ, პატივცემული ლუკაშენკა აფხაზეთს ეწვეოდა, მინსკი დუღდა და გადმოდუღდა. 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ლუკაშენკამ მასიურად გააყალბა, ათიათასობით ქუჩაში გამოსული დემონსტრანტი დაარბია, ბელარუსული კაგებესა და მილიციის იზოლატორებში ასობით ადამიანი აწამა, ათასობით პოლიტიკური ოპონენტი უკანონოდ დაატუსაღა, ხოლო ათასობით სხვა სამოქალაქო აქტივისტი იძულებული გახადა, ქვეყანა დაეტოვებინა.

ამ თავგასულობას ევროპის მხრიდან შეშფოთებაც ბევრი მოყვა და დაგმობაც. რაც არ უნდა გავკილოთ ევროპის ეს ნაბიჯები, საკუთარ თვალში დირეც უნდა დავინახოთ: მინსკში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალურმა თბილისმა შეშფოთებაც არ აღირსა და უბრალოდ თვალი აარიდა.

თბილისმა  წაუყრუა 2021 წლის მაისშიც, როდესაც ლუკაშენკამ შუაგულ ევროპაში საჰაერო მეკობრეობას მიჰყო ხელი – ათენიდან-ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ თვითმფრინავი მოტყუებით ბელარუსში დასვა და მისთვის „საინტერესო“ მგზავრები გაიტაცა.

მაშინ, როცა მინსკის თავს ევროპიდან სანქციების წვიმა წამოვიდა, თბილისმა ადრინდელი დუმილიც სანატრელი გაგვიხადა: სუს-სა და ბელარუსულ კაგებეს შორის ძველად დადებული თანამშრომლობის შეთანხმება ძალაში შეიყვანა და ამ ნაბიჯის კრიტიკოსებს გაღმაც შეედავა.

თბილისი სამარცხვინოდ დადუმდა მაშინაც, როდესაც სწორედ იმ ლუკაშენკამ, რომელიც გუშინ აფხაზეთს სტუმრობდა, საქართველოს მეგობარ უკრაინაში შესაჭრელად და კიევის ალყაში მოსაქცევად, რუსეთს ტერიტორია დაუთმო.

საქართველო წლების მანძილზე არ შეერთებია ევროკავშირის არცერთ ისეთ ჰუმანიტარული ხასიათის განცხადებას, სადაც ბელარუსში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ან/და პოლიტიკური ოპონენტების ტანჯვა-წამება იყო დაგმობილი. მას შემდეგ, რაც ლუკაშენკას ლეგიტიმურობას წყალი შეუდგა, თბილისს არც კი შეუმჩნევია მოპარულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, გამარჯვებული ქალბატონი სვიეტლანა ციხანოუსკაის პოლიტიკური არსებობა, რომელსაც ჯო ბაიდენი, ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი აქტიურად ემუსაიფებიან. 

თუკი ქართული დიპლომატია ფიქრობდა, რომ პარტნიორებს მოწყვეტილი, ფასეულობებისგან დაცლილი, საერთო დინებებიდან ამოვარდნილი და ვიწროდ საკუთარ ინტერესებზე მორგებული დუმილით გავიდოდა ფონს, ის მწარედ შეცდა.

მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი და ომი უკრაინაშია…

თბილისის საგარეოპოლიტიკური თავკერძობის მთელი სიმწვავის შესაგრძნობად შორს წასვლა არაა საჭირო – ბელარუსს თუ გვერდზე გადავდებთ, უკრაინა შეგვრჩება.

აქაც, ოფიციალურმა თბილისმა ძველ თუ ახალ, წვრილმან, პიროვნულ თუ პარტიულ წყენებს გვერდი ვერაფრით აუარა, თან, ჩანს რუსული მილიტარიზმის შთაბეჭდილების ქვეშ მოექცა და ალყაში მყოფ კიევს მხოლოდ ფორმალურადღა დაუჭირა მხარი. რთულ დღეებში ესოდენ საჭირო მორალური მხარდაჭერა კიევმა ქართველი ხალხისგან პირდაპირ, მთავრობის გვერდის ავლით მიიღო. საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო ევროპულ სანქციებს არ შეუერთდა, ეს ეკონომიკური საჭიროებებით ახსნა და, მოგვიანებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტემპებით თავმოწონებაც დაიწყო.

საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო საინფორმაციო ომსაც გაერიდა – უკრაინაში გაჩაღებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების ფონზე, პრეზიდენტის კანტი-კუნტი გამოსვლების გამოკლებით, ქართველ პოლიტიკოსებს თუ დიპლომატებს წამყვან საერთაშორისო მედიებში კრინტი არ დაუძრავთ – არადა, საქართველოს რუსულ აგრესიაზე სათქმელი ნამდვილად ჰქონდა.    

მძიმე განსაცდელში ჩავარდნილი უკრაინის მიმართ მკაფიო და ხმამაღალი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს გაუჭირდა, პოლიტიკურმა ლიდერებმა საკუთარ ვიწროპარტიულ ეგოს ვერ გადააბიჯეს, რამაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ის მორალური საყრდენი გამოაცალა, რაც მცირე ქვეყნების დიპლომატიური მდგრადობისთვის ესოდენ ფასეული და მნიშვნელოვანია.

მეორე ფრონტი…  

ამასობაში, საქართველოს მოსახლეობამ შენიშნა, რომ მისი ხელისუფლების „სიფრთხილე და პრაგმატულობა“ უღირსობაში გადაიზარდა და საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ საგრძნობლად იმატა. ხელისუფლება იძულებული შეიქნა ემოქმედა. თუმცა, იმის მაგივრად, რომ საგარეო პოლიტიკისთვის თანამიმდევრულობა და პრინციპულობა შეემატებინა, საზოგადოებრივ განწყობებს დეზინფორმაციის დიდი დოზით უპასუხა და თავისი საგარეო-პოლიტიკური ქმედებები თუ უმოქმედობები საქართველოს ომში ჩათრევის თავიდან აცილებით გაამართლა.

ომში ჩათრევისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა „კოლექტიურ დასავლეთსა“ და აშშ-ს დაბრალდა. ამ მონათხრობმა მედიაში ფართო გავრცელება ჰპოვა და საბოლოოდ ისე დაილექა, რომ თითქოს სწორედ დასავლელი პარტნიორები  უშლიდნენ ხელს თავისი მზაკვრული  ჩანაფიქრებით საქართველოს მშვიდ და მდგრად განვითარებას. უკრაინაში მიმდინარე გააფთრებული ომის ფონზე, ეს საზიანო მონათხრობი თავის საქმეს აკეთებს და მისი აქტიური გავრცელება რომც შეწყდეს, მომავალშიც მოიქნევს სოციოლოგიურ კუდს.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ კომერსანტს, რომელიც საქართველოს ფლობს, ფინანსური დაბრკოლებები შეექმნა, საკუთარი თავი რატომღაც სანქცირებულად ჩათვალა (ან ასე მოუყვნენ) და ისე, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციით ვაჭრობაც წამოიწყო.    

შეფერხებული ევროინტეგრაცია

ამასობაში, უკრაინის გმირულმა წინააღმდეგობამ ევროპელებში ძლიერი თანაგრძნობა გააღვივა და აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარება შესაძლებელი გახადა. ამ ისტორიულ შესაძლებლობას, ოფიციალური თბილისი კვლავ თავისი ვიწრო დღის წესრიგითა და ადგილობრივი პარტიული იწილო-ბიწილოს თარგზე მოჭრილი ხედვით დახვდა. კრიტიკულ მომენტში სოლიდარობის ნაკლებობამ, რუსეთთან ფლირტმა და სულმოკლე თავკერძობამ ევროპულ გზაზე წინ წასაწევად ძალზე არასახარბიელო ფონი შექმნა.  

სანამ თბილისი ერთი ხელით ევროკავშირის წევრობაზე ფორმალური განაცხადს  აწერდა ხელს, მეორე ხელით კრიტიკული მედიის მენეჯერს, ომბუდსმენის თქმით, აბსურდული ბრალდებით ამწყვდევდა სატუსაღოში.

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ სანამ უკრაინასა და მოლდოვას ევროპულ გემზე ასაცოცებლად თოკის კიბე გადმოუგდეს, ევროპულ სვლაგეზს აცდენილი საქართველო გემთან დასაწევად გახაზირებულ მაშველ ნავში მარტო ჩარჩა.

იმის მაგივრად, რომ საგარეო პოლიტიკური თემები, ტონი და ტემბრი ევროპულთან მწყობრში მოეყვანა, თბილისმა პირიქით, ანტი-დასავლური პროპაგანდა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე საუბარი გააძლიერა, რამაც საქართველოს მიმართ ევროპელი პარტნიორების ისედაც დაუღვინებელი განწყობები კიდევ უფრო აამღვრია.

შეჯამება   

ის ვიწრო ღრიჭო, რომლიდანაც თვალმოჭუტული თბილისი დანარჩენ მსოფლიოს გასცქეროდა, დღეს უკრაინიდან მოტანილი ომის ნაკვერჩხლით ამოივსო და მოვლენებისთვის თვალ-ყურის სადევნებლად საერთოდ აღარ გამოდგება.

თავკერძა საგარეო პოლიტიკის გატარებით, ოფიციალურმა თბილისმა ჯერ ის საერთო ფასეულობები გაანიავა, რაზეც ევროპული მეგობრობები იდგა, შემდეგ კი გათავხედდა, საიმედო მეგობრებს აუშარდა და ისინიც მოიმდურა.

საქართველომ ვერ შეძლო იმის გაცნობიერება, რომ მისი ტერიტორიული თუ სხვა პრობლემების მოგვარება მათი საერთო ევროპული საზრუნავსა თუ გამოწვევებზე დაერთებით თუ მოხერხდება და არა მათგან გამოცალკევებით.

თავკერძობამ თავის შხამიანი ნაყოფი გამოიღო – ევროპისა და უკრაინისთვის ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს, საქართველოს ღირსეული, თანმიმდევრული და პრინციპული სოლიდარობის გამოხატვა გაუჭირდა. ევროპული ძნელბედობისას, თბილისმა ვერ ივარგა და თავი თავხედ პარტნიორად წარმოაჩინა, რომელიც მხოლოდ ევროპული ოჯახის სიკეთეების ხარბი მოხმარებითაა დაინტერესებული, საერთო განსაცდელის გაზიარება და ევროპული პასუხიმგებლობების აღება კი არც სურს და არც ძალუძს.  

ევროპელებიც მშვენივრად მიხვდნენ, რომ „ეს თბილისი“ ევროპასთან დასაახლოებლად მზად არაა, ის ვერც ევროპას შემატებს რაიმე ახალს და საკუთარ თავსაც მხოლოდ განსაცდელს უქადის.

რუსეთთან და ლუკაშენკასთან ფლირტის ამარა დარჩენილი თბილისის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვნად და საგანგაშოდ გამოიყურება.

აფხაზეთიდან უკან ჩაფრენილმა ლუკაშენკამ კი ალბათ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს უპატაკა – „ქართველებს მეზარბაზნეები აღარ ჰყავთო“.

მსგავსი/Related

Back to top button