ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „რეფერენდუმებს“ გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ „უკანონო რეფერენდუმებს“.

„უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – დაწერა საგარეო უწყებამ Twitter-ზე.

უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული „რეფერენდუმების“ დაგმობის შესახებ ოფიციალური განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამ დროისთვის არ იძებნება.

მანამდე, 27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ხელმძღვანელობიდან პირველმა დაგმო რუსეთის მიერ ჩატარებული „რეფერენდუმები“ და საქართველოს ხელისუფლებას მათი „კატეგორიულად დაგმობისკენ“ მოუწოდა.

„ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება რუსეთის მიერ, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის არის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში 23-27 სექტემბერს ჩატარებული „რეფერენდუმები“ უკვე დაგმეს ოფიციალურმა კიევმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხალხს „რეფერენდუმების“ დასრულებამდე ოკუპირებული რეგიონების დატოვების უფლებას არ აძლევენ, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები, გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებს მონაწილეობას აიძულებენ.

„რეფერენდუმის“ გამოცხადებას წინ უძღვოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 21 სექტემბერს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება. შედეგად, ათიათასობით რუსეთის მოქალაქე რუსეთიდან გაქცევას ცდილობს, მათ შორის ლარსის გამშვები პუნქტის გამოყენებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button