გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 სექტემბერის ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა.
შეხვედრაში საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები – ილია დარჩიაშვილი, დმიტრო კულება, ნიკუ პოპესკუ და ჯეიჰან ბაირამოვი, ასევესუამის გენერალური მდივანი, ალთავი ეფენდიევი მონაწილეობდნენ.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა აღნიშნეს, „რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე“.
Glad to meet my?????? colleagues @bayramov_jeyhun, @nicupopescu, @DmytroKuleba within the GUAM Council of Ministers. Grateful to Moldova for successful chairmanship& welcome the signing of agreements on trade& consular affairs. We discussed the security environ across the region. pic.twitter.com/QK1GgAUZ9h
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) September 20, 2022
ამასთან, სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, მხარეებმა სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე ოქმსა და სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ კონვენციას მოაწერეს ხელი.
„მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატები და მათი გაფართოების პერსპექტივები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრაზე უკრაინაში ომის დაწყებიდან უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს მხრიდან გამოჩენილ სოლიდარობას გაუსვა ხაზი და უკრაინისადმი გაწეულ პოლიტიკურ, დიპლომატიურ თუ ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მანვე სხდომის მონაწილეებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო გააცნო.
ასევე წაიკითხეთ:
- ილია დარჩიაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კოლეგებს ხვდება
- პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აშშ-ს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)