skip to content
ახალი ამბები

აშშ-მა ირანული თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთში ჩავიდა სანქცირებულთა სიაში დაამატა

19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა სამი ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავები, მათ შორის, Iran Air-ის ბოინგ 747, რომელმაც სექტემბრის თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთში ორჯერ იფრინა, იმ თვითმფრინავების სიაში დაამატა, რომლებიც აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ექსპორტის კონტროლის კუთხით დაწესებულ სანქციებს არღვევენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ Mahan Air-ის, Qeshm Fars Air-ისა და Iran Air-ის ბოინგ 747-ები, რომლებიც რუსეთში საქონლის ტრანსპორტირებას ახდენენ, მათ შორის, ელექტრონული ნივთების, აშკარად არღვევენ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-ის მიერ დაწესებულ საექსპორტო სანქციებს.

როდის გადაკვეთა ირანულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე

აწ უკვე სანქცირებული ირანული კომპანია Iran Air-ის კუთვნილი ბოინგ 747-ის მიერ საქართველოს საჰაეროს სივრცის გამოყენების შესახებ ცნობები თავდაპირველად 8 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ვებგვერდმა გაავრცელა. „მთავარი არხი“ ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის Facebook-ის პოსტზე დაყრდნობით წერდა, რომ სავარაუდოდ, ირანი რუსეთს შეიარაღებას საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით აწვდის. თავად ბატიაშვილი ისრაელის ერთ-ერთი მედიასაშუალების, „ტერორ ალარმის“ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე, უკვე პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ასევე „ტერორ ალარმის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით თქვა, რომ 4 სექტემბერს ირანის ქალაქ რაშტთან არსებული აეროდრომიდან აშშ-ის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიიის Iran Air-ის კუთვნილი სამოქალაქო და სამხედრო სტატუსის მქონე ბოინგ 747 (ტიპი ბ 742) აფრინდა და აზერბაიჯანული მხარის მხრიდან უარის შემდეგ, მოსკოვში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით გაფრინდა.

ხოშტარიას თქმით, ბოლო პერიოდში ირანის მიერ რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ხელშეწყობის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, „აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დაუთმო საქართველომ თავისი საჰაერო სივრცე ამგვარი საფრთხის შემცველ თვითმფრინავს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ეს არ გააკეთა აზერბაიჯანმა“.

ხოშტარიამ შესაბამის უწყებებს იმის განმარტება მოსთხოვა, თუ რატომ „შემოვიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში ეს თვითმფრინავი? რა ტვირთით იყო ის დატვირთული? და რა კავშირი აქვს საქართველოს ამ გადაზიდვებთან?“.

უკვე 17 სექტემბერს, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „სამხედრო დანიშნულების აეროდრომიდან“ წამოსულმა ირანულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რუსეთის მიმართულებით კიდევ ერთხელ 11 სექტემბერს იფრინა.

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი

საქართველოს საჰაერო სივრცის „უკანონო გამოყენების“ შესახებ გავრცელებულ ცნობებს 8 სექტემბერსვე „დაუზუსტებელი“ და „ცრუ“ უწოდეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში. უწყებაში განმარტეს, რომ 4 სექტემბერს, ავიაკომპანია „ირან ეარ კარგომ“ ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი – მოსკოვის მიმართულებით და ხომალდმა საქართველოს საჰაერო სივრცეში „სულ 10 წუთი დაჰყო“.

ეკონომიკის სამინისტრომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირან ეარ კარგო“ სანქცირებული კომპანია არ იყო და ის რეგულარულად ასრულებდა რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

„ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით“, – განაცხადეს სამინისტროში.

უწყებამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებდა, რომ საქართველო და სომხეთი ევროკონტროლის – ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები არიან. „ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით“.

„საქაერონავიგაციის“ გამოხმაურება

Iran Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით რუსეთის მიმართულებით ფრენის შესახებ „ცრუ ინფორმაციას“ 9 სექტემბერს „საქაერონავიგაციაც“ გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული ავიაკომპანია ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არ არის.

„დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია ფრენებს ასრულებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე (Flightradar24.com, Flightaware.com). ისინი რეალურ დროში ფრენების თვალყურის დევნების და მათზე სრული ისტორიის და მონაცემების მოძიების შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადეს საქაერონავიგაციაში.

რაც შეეხება კონკრეტულ ფრენას, უწყებაში განმარტეს, რომ „საქაერონავიგაციაში“ ევროკონტროლიდან შემოსული ფრენის გეგმის შესაბამისად, ავიაკომპანიის ბორტის ფრენის დაწყების საწყისი წერტილი იყო ერევნის სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტი „ზვარტნოცი“. „ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, – დასძინეს „საქაერონავიგაციაში“.

ირანული ავიაკომპანიის სანქცირებულთა სიაში შეყვანის შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე კომენტარისთვის „სამოქალაქო საქართველო“ ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button