ახალი ამბები

ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ესწრება 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 20-25 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიას ესწრება, სადაც 24 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს პრემიერი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად უკვე შეხვდა ავსტრიის კანცლერს, თურქეთის პრეზიდენტს, პოლონეთის პრეზიდენტს, ქუვეითის პრემიერ-მინისტრსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

21 სექტემბერს ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს. ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმაც განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში.

ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერის მიერ ავღანეთის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა, სადაც აღნიშნა, რომ „საქართველო სრულად უჭერს მხარს საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებას, მხარი დაუჭიროს ავღანელ ხალხს და მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდეგ, კვლავაც ნატოსა და მისი მოკავშირეების გვერდით რჩება“.

იმავე დღეს, პრემიერი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, სადაც მხარეებმა რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ღარიბაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, რომ საქართველოს მთავარი მიზანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის შუამავლობით და აშშ-ის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგად, სომხეთის მოქალაქეები გაათავისუფლეს, ხოლო აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა. აღინიშნა, რომ ეს შეთანხმება კარგი საფუძველია მეზობლებს შორის შემდგომი თანამშრომლობისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ფორმატის მნიშვნელობასა და პოლონეთის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის როლზე ასოცირებული ტრიოს მხარდაჭერის კუთხით.

21 სექტემბერს, ღარიბაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ საბაჰს შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა თბილისში ქუვეითის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიუ-იორკში ასევე იმყოფებიან – ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი 21 სექტემბერს თავის უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს  კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოსა და უნგრეთის თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას და ამ პროცესში შემდგომი კოორდინაციის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრაზე ვიშეგრადის ჯგუფთან დიალოგის გაფართოების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიშეგრადის ჯგუფი უნგრეთის თავმჯდომარეობის პირობებშიც განაგრძობს საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მხარდაჭერას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button