ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველოში ვიზიტი დაასრულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდმა საქართველოში 10-13 ივნისის ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც იგი მთავრობის წარმომადგენლებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილა. ვიზიტისას მაკდონალდმა ვაშინგტონიდან გზავნილი ჩამოიტანა, რომელიც „საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს“.

10 ივნისს, თბილისში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, სადაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ქართველი ხალხის მიმართ ვაშინგტონის უწყვეტ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მიერ ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინის ფონზე მხარეებმა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების პროცესში ორ ქვეყენას შორის თანამშრომლობის „არსებით“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ასევე 10 ივნისს, კარა მაკდონალდი ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველს, ნიკო ტატულაშვილს შეხვდა, სადაც აღნიშნა საქართველოს მთავრობის „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ ყველა ადამიანის უფლებების დაცვაში.

ოპოზიციასთან შეხვედრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპოზიციონერ ლიდერებსაც შეხვდა, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ენმ-ის დეპუტატ ხატია დეკანოიძეს; დეპუტატ ანა ბუჩუკურს, პარტიიდან საქართველოსთვის; დეპუტატ გიორგი ვაშაძეს, სტრატეგია აღმაშენებლიდან; დეპუტატ ხათუნა სამნიძეს, რესპუბლიკური პარტიიდან; გიორგი კანდელაკს ევროპული საქართველოდან; ბადრი ჯაფარიძეს ლელოდან; ელენე ხოშტარიას, დროადან და ზურაბ ჯაფარიძეს გირჩი-მეტი თავისუფლებიდან.

„ნებისმიერ წარმატებულ დემოკრატიაში ოპოზიცია სასიცოცხლო როლს თამაშობს მოქალაქეების ინტერესების წარდგენისა და ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კუთხით“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ საქართველოში შეხვედრის შემდეგ.

სამოქალაქო სექტორთან და სახალხო დამცველთან შეხვედრები

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კარა მაკდონალდი არასამთავრობო სექტორსაც შეხვდა, მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა საკითხებთან ერთად სასამართლო სისტემასა და მედიის თავისუფლებაზე იმსჯელა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ ინსტიტუციური თვალსაზრისით სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობას განიცდის და რომ ასევე პრობლემურია ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაც.

„მიუხედავად იმისა, რომ იცვლება კანონმდებლობა, ტარდება რეფორმები, ამის პარალელურად არ იზრდება სასამართლოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა“, – თქვა მან.

კარა მაკდონალდი საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც შეხვდა, „რათა განეხილა გამოწვევები და შესაძლებლობები, საქართველოს დემოკრატიის განვითარების 30-წლიანი პარტნიორობის გზაზე“.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი საქართველოში

კარა მაკდონალდის ვიზიტის შემდეგ, საქართველოს 17 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითებში კარენ დონფრიდი ეწვევა, რა დროსაც იგი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება.

ვიზიტისას, იგი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, სხვა ოფიციალურ პირებს, ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button