skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანება 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იგი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაპყრობის 14 წლის თავზე, აშშ-ს კვლავაც ახსოვს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული და დაშავებული ადამიანები.

„რამდენიმე ათწლეულია საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ, ხოლო ათიათასობით ადამიანი იძულებითი გადაადგილების, დევნისა და სიღარიბის მსხვერპლი გახდა“, – განაცხადა მან.

სახელმწიფო მდივანი უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საჭიროა ქართველი და უკრაინელი ხალხი სოლიდარობის ნიშნად ერთად დადგეს. „საქართველოს ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გაუგონარ სიძნელეებსა და დესტრუქციას იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის, დეზინფორმაცია, ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი გადაადგილება“, – დასძინა მან.

ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად მიწოდების საშუალება უზრუნველყოს.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების თაობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „ასიათასობით დევნილისთვის, რათა მათ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება მიეცეთ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button