skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერმინისტრი თურქმენეთს სტუმრობს 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ 19 ივლისს თურქმენეთში ჩავიდა.

დღეს იგი თურქმენეთის პრეზიდენტს, სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა და მასთან ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ერთობლივ პროექტებსა და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალზე იმსჯელა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან.

მხარეებმა სტრატეგიული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც, მათი თქმით, „გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითაც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო „ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა“.

თურქმენეთში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ასევე იმყოფებიან თბილისის მერი, კახა კალაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button