skip to content
ახალი ამბები

აფხაზურ მხარეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა სურს

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ 13 ივლისს განაცხადა, რომ საჭიროა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა ნაკლებად ანგაჟირებული ადგილით და ქალაქით, სადაც მოლაპარაკებების პროცესის ყველა მხარისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები იქნება“. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

არძინბამ ამის თაობაზე აფხაზეთში რუსეთის ახალ „ელჩთან“, მიხაილ შურგალინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეს უკანასკნელი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში პირველად ჩავიდა. ინალ არძინბას თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები შეჩერდა „არა ჩვენი ინიციატივით და არა რუსეთის ინიციატივით, არამედ დასავლური ქვეყნებისა და საქართველოს ინიციატივით“.

მანამდე, არძინბამ შურგალინს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მიესალმა მის „დიდ გამოცდილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში“. მისი თქმით, რიგ საკითხებზე, მათ შორის, „ეროვნული უსაფრთხოების, აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების“ საკითხებზე „აქტიური და პროდუქტიური მუშაობის“ იმედი აქვს.

რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვმა ანალოგიური საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ წამოწია. მაშინ, რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ დისკუსიები „ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას“ უნდა გადაიტანონ.

წარსულში რუსეთის მხრიდან მსგავსი ბრალდებების საპასუხოდ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბოლო რაუნდის გადადების გადაწყვეტილება პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მიიღეს, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც მარტში იგეგმებოდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუსეთისთვის ევროპის ცის დიდი ნაწილის ჩაკეტვის გამო გადაიდო.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button