ახალი ამბები

კელი დეგნანი ძალადობის შესახებ ცნობებით შეშფოთებულია 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა შეშფოთება და იმედგაცრუება გამოხატა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო ატივისტები 3 ივლისს დაგეგმილი პროევროპული, ანტისახელისუფლებო აქციის წინ სააგიტაციო კამპანიას მართავენ.

გუშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა დეგნანმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ვხედავთ, როგორ გამოიყენება ძალადობა ადამიანის საკონსტიტუციო უფლებების შელახვის, შეზღუდვისა და უარყოფის მიზნით“.

აშშ-ის ელჩი „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის ბრალდებებსაც გამოეხმაურა. წერეთლის თქმით, 30 ივნისს საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თავს ქართული ოცნების დეპუტატები დაესხნენ.

„გუშინ არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად… ცოტა იმედგაცრუებულნი დავრჩით, რომ ამ ინფორმაციამ გადაფარა ღონისძიება, რომელიც სხვამხრივ ძალიან პოზიტიური და ბედნიერი იყო…“

„არ ვიცით დაიწყო თუ არა რაიმე სამართლებრივი პროცესი, თუმცა, უდავოა, რომ ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ თავდასხმების ტენდენცია“, – განაცხადა ელჩმა და ხაზი გაუსვა, რომ საელჩო სწავლობს მოცემულ ინფორმაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button