ახალი ამბები

პრეზიდენტი პრემიერს „აბსურდული“ და „შეურაცხმყოფელი“ გამოსვლისთვის აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის საპარლამენტო გამოსვლა იყო „აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით“.

„ჩვენ ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები ვიდრე თქვენი უკრაინა და მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი, ალბათ, იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ არ გვინდა“, – პრეზიდენტმა გააკრიტიკა პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლის ეს გზავნილები და განმარტა, თუ რატომ ვერ იღებს საქართველო უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები საქართველოსგან „ერთ მარტივ რამეს ელოდებოდნენ“, რომ  „გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, რომ კი, ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას გავაანალიზებთ“.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ერთად, არაპოლარიზებულად და არა დაპირისპირებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ, რაცაა ჩვენს მიმართ გზავნილი“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის განცხადებით, ნაცვლად ამისა, პრემიერის სიტყვით თავადაც გაოგნებული დარჩა და მოსახლეობაც.

„მინდა აქედან  სხვა გზავნილი ბრიუსელში გავაგზავნო, რომ ეს არ არის საქართველო, ეს არ რის საქართველოს მოსახლეობის ნება“, – თქვა პრეზიდენტმა.

საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე ელოდება.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიეცეს ევროპული პერსპექტივა, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანამ ჯერ რიგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს, რის შემდეგაც მას შეეძლება კანდიდატის სტატუსის მოპოვება.

დიდი ალბათობით, ევროპული საბჭო გაითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button