ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ევროპულ პერსპექტივას მხარი დაუჭირა 

ევროპარლამენტმა 23 ივნისს რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც 23-24 ივნისს სამიტზე შეიკრიბებიან, რომ უკრაინასა და მოლდოვას „დაუყონებლივ“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამასთან, იგივე შეეხება საქართველოს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს შეასრულებს.

რეზოლუციას 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 45-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 14-მა თავი შეიკავა.

ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი ომის კონტექსტში, ამგვარი ქმედება ლიდერობის, გაბედულობისა და ხედვის გამოვლინების ტოლფასი იქნება.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „სწრაფი გზა“ ევროკავშირის წევრობისთვის არ არსებობს და რომ გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულ და სტრუქტურირებულ პროცესად რჩება, რომელიც ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების შესრულებას მოითხოვს და რეფორმების ეფექტიან განხორციელებაზეა დამოკიდებული.

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხელისუფლებებს, რომ „ცალსახად წარმოაჩინონ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების რაც შეიძლება სწრაფად შესასრულებლად.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ, რომ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან და ევროპულ საბჭოს მოუწოდეს, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულებისკენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button