skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის გამოხმაურება 20 ივნისის მასშტაბურ აქციაზე

ათიათასობით მოქალაქემ 20 ივნისს ქუჩაში ევროკავშირში საქართველოს გაწევრებისათვის და ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქცია ლოზუნგით „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ იყო ორგანიზებული. 17 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს ურჩია, ევროპული პერსპექტივა მისცეს საქართველოს, თუმცა რეკომენდაცია გასცა, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მას მერე მიიღოს, რაც მთელ რიგ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. საბჭო, ანუ წევრი სახელმწიფოების ეროვნული მთავრობები, საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.

ქვემოთ 20 ივნისის აქციაზე ოპოზიციის გამოხმაურებებია მოცემული:

აკაკი მინაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „გუშინ, საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნებისა და მიდგომების ადამიანებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი… გუშინ, ჩვენმა მოქალაქეებმა დააფიქსირეს, რომ ამ ხელისუფლების ხელში, ეს მიზ[ანი] ვერ განხორციელდება, რადგან საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავს ოლიგარქი და მთავარი მოთხოვნა, რაც არის ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან არის დეოლიგარქიცაზია…“.

დავით უსუფაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „გუშინ, რუსთაველზე იდგა არა ოპოზიციის რესურსი, არამედ საქართველოს რესურსი, ქვეყნის, ერის, სახელმწიფოს რესურსი, იმ ადამიანების რომლებიც ძალიან მტკიცედ, ყოველგვარი კითხვების გარეშე დგანან იმ პოზიციაზე რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო და წარმატებული. ეს ყველაფერი მიიღწევა ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციით… ახლა, თუ ხელისუფლება არ არის ყრუ და ბრმა, ეს უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს ძალიან ბევრი რამ, რასაც ეს ხალხი ამბობს“.

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „… ეს იყო საერთო ეროვნული მშვიდობიანი მანიფესტი და მთელი მსოფლიოსთვის გზავნილი, რომ საქართველო ვერასდროს და არასდროს არ ასცდება ევროინტეგრაციის გზას… ქართველი ხალხი მათ [ხელისუფლებას] დააბრუნებს იმ რეალობაში, რა რეალობაშიც უნდა იყოს. გუშინ, იყო ქართველი მოქალაქეების, პატრიოტი, გულანთებული ადამიანების შეკრება“.

ანა ბუჩუკური – საქართველოსთვის: „როგორც ჩანს, ქართული ოცნება ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. გუშინ, [კახა] კალაძეს მთელი დღე აძახებინეს, რომ თითქოს აქციაზე „ნაცები“ იკრიბებოდნენ… მინდა ქართულ ოცნებას ვუთხრა, რომ რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ და განსაკუთრებით ახალგაზრდებს უწოდებენ „ნაცებს“, ეს იქნება ზუსტად მათთვის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ფატალური შეცდომა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button