Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის „ყველაფერს გააკეთებს“

ევროკომისიის დღევანდელ დასკვნას, რომლის თანახმადაც, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რიგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი გუნდი „ყველაფერს გააკეთებს“ დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გასამყარებლად, მშვიდობის დასაცავად და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, რაც ქვეყანას „ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ შესაძლებლობას შეუნარჩუნებს“.

„ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა“, – განაცხადა მან.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპელმა ლიდერებმა წინასწარვე მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი გეოგრაფიულმა მდგომარეობამ შეუშალა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ფაქტორი „აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი“.

აღნიშნა რა, რომ „კანდიდატის სტატუსი ქვეყანას არავითარ ფინანსურ თუ სხვა მატერიალურ პრივილეგიას არ ანიჭებს“, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ „სტატუსის ამ ეტაპზე არმიღება ჩვენთვის გარკვეულწილად გულდასაწყვეტია“.

„თუმცა, გვესმის, რომ საქართველოს უკრაინისგან და თუნდაც მოლდოვისგან განსხვავებით, ამ სტატუსის მისაღებად აუცილებელი მსხვერპლი დღეს არ გაუღია“, – თქვა მანვე.

„გვესმის, რომ [საქართველოს მიერ] 14 და, მით უმეტეს, 30 წლის წინ [გაღებულ] მსხვერპლსა და დაღვრილ სისხლს და 300 000 დევნილს დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის სამწუხაროდ უკვე აქტუალობა აქვს დაკარგული“.

ჟურნალისტის კითხვაზე, იღებს თუ არა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის სახით გაცემული რეფორმების განხორციელებაზე, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ჩამოთვლილი საკითხები ასოცირების დღის წესრიგის პუნქტებს ემთხვევა, რისი შესრულების ვალდებულება ხელისუფლებას ისედაც ჰქონდა აღებული. „თითოეული ამ პუნქტის მიხედვით განხორციელდება შესაბამისი რეფორმები“.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირების საკითხს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მასზე პასუხისმგებელია არა რომელიმე კონკრეტული, არამედ „აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური სუბიექტი“.

ამ კონტექსტში მან 20 ივნისს სამოქალაქო აქტივისტების მიერ ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია გაიხსენა და თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ საუბრობს ხელისუფლების გადატრიალებაზე. „[შესაბამისად] ვის სურს პოლარიზაცია, ეს არის დღესავით ნათელი“.

ასევე ჟურნალისტის კითხვაზე, იგულისხმება თუ არა რეკომენდაციებში ნახსენები „დეოლიგარქიზაციის“ ნაწილში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა – „Ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და სახელმწიფოს“. ამის მაგალითებად მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი დაასახელა.

მანვე დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, ფილანტროპი და ქველმოქმედი, რომელმაც 2012 წელს დაასრულა „სისხლიანი რეჟიმი“. „აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება აქ [ევროკომისიის მოსაზრებაში] საუბარი ბიძინა ივანიშვილზე“.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ასევე ჰკითხეს, თუ რას გულისხმობდნენ მმართველი გუნდის ლიდერები, როდესაც ამბობდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ისინი ყველაფერს ფარდას ახდიდნენ?

„ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში, ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ“, – უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button