ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელს სტუმრობს 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი 1-2 ივნისს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისრებს შეხვდა, კერძოდ – ტრანსპორტის საკითხებში – ადიანა ვალეანეს, გარემოს დაცვის საკითხებში -ვირგინიუს სინკევიჩიუსს, კრიზისების მართვის საკითხებში – იანეს ლენარჩიჩს, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში – იოჰანეს ჰანს, სოფლის მეურნეობის საკითხებში – იანუშ ვოიცეხოვსკის. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროპარლამენტარები – მარინა კალიურანდი და სვენ მიკსერიც შეხვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისრებთან ცალ-ცალკე შეხვედრებისას, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს განაცხადზე, ასევე თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

1 ივნისს შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარმა, ადიანა ვალეანმა ხაზი გაუსვეს საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ „გააგრძელებდნენ მუშაობას საერთო პრიორიტეტებზე ევროკავშირის დაკავშირებადობის სტრატეგიის კონტექსტში“.

იმავე დღეს, საგარეო უწყების ხელმძღვანელი გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა, სადაც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორებიცაა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.

„მიხარია, რომ საქართველო ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ღრმა და ფართო განხორციელების ერთგულია“, – განაცხადა სინკევიჩიუსმა შეხვედრის შემდეგ. „ევროპული გზა და ღირებულებები ის გზაა, რომელიც უნდა აირჩიო, ხოლო ევროკავშირის მწვანე შეთანხმება მისი ქვაკუთხედია“.

კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩთან შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ კოვიდპანდემიის მართვისთვის მიღებული ზომები და ევროკავშირის დახმარება ამ პროცესში.

შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა ლენარჩიჩმა აღნიშნა, რომ მან ევროკავშირის მხარდაჭერა გამოხატა, რათა დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა კრიზისების, მათ შორის, უკრაინაში ომის ზემოქმედების მოგვარებასა და ქვეყნის მედეგობის გაძლიერებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 2 ივნისს, ილია დარჩიაშვილმა ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე ევროკავშირთან საქართველოს სექტორულ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა, რომ მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან „ამბიციური და რეალისტური ინფორმაცია“ მიიღო. „ჩვენი ქართველი პარტნიორები იმ უზარმაზარ სამუშაოზე არიან ფოკუსირებულნი, რომელიც მათ ევროკავშირთან დაახლოებაში დაეხმარება“.

საქართველოს საქარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას და ბაზრის გახსნის კუთხით ახალი შესაძლებლობების ძიებას“.

სამინისტროსვე ცნობით, 2 ივნისს, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდთან და სვენ მიკსერთან შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა დაადასტურა ქვეყნის ერთგულება რეფორმების კურსისადმი და „აღნიშნა ხელისუფლების მზაობა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროპარლამენტარებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და მის გავლენაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

საქართველომ ევროკავშირის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს წარადგინა. წევრობის განაცხადზე მოსაზრება ევროკომისიამ ევროკავშირის ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე უნდა წარუდგინოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button