ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი „არჩევნების“ მეორე ტური 11 ივნისს ჩატარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის მე-8 ოლქის განმეორებითი „საპარლამენტო არჩევნების“ მეორე ტური 11 ივნისს გაიმართება, სადაც „საკანონმდებლო ორგანოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ხუთწლიანი ვადით აირჩევენ. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

მეორე ტურში ერთმანეთს ნაურ ნარმანია და ლეონ გუბაზი დაუპირისპირდებიან მას შემდეგ, რაც 28 მაისს გამართული კენჭისყრაში მათ 776 (34.43%) და 695 (30.83%) ხმა მიიღეს. სხვა კანდიდატები, მათ შორის, ირაკლი ჩაჩხალია, თემურ კვეკვესკირი და ჟანსუღ ადლეიბა მეორე ტურში ვერ გადავიდნენ.

აფხაზეთის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, 28 მაისს ამომრჩეველთა აქტივობამ 55.48% (2 254 ამომრჩეველი) შეადგინა.

განმეორებითი არჩევნები 28 მაისს მას შემდეგ დაინიშნა, რაც ნარმანიამ და გუბაზმა 26 მარტს გამართული „საპარლამენტო არჩევნების“ მეორე ტურში თანაბარი ხმები მიიღეს.

ოკუპირებული რეგიონის 35-წევრიან „საკანონმდებლო ორგანოში“ 34 „დეპუტატი“ უკვე არჩეულია.

გავრცელებული ცნობებით, ახალი მოწვევის „პარლამენტში“, რომელიც 12 აპრილს შეიკრიბა, რეგიონის მოქმედი ლიდერის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციას სულ ცოტა 25 ლოიალური „დეპუტატი“ ეყოლება, რაც უჩვეულო შემადგენლობაა აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოსთვის“, სადაც როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებს დამოუკიდებელი მაჟორიტარები სჯობნიან ხოლმე.

ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს“ არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.

დაახლოებით, 260 000 ეთნიკური ქართველი, რომლებიც ომამდელი აფხაზეთის უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდა, კვლავ დევნილობაში რჩება.

ამასთან, გალის რაიონში მცხოვრებ დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს 2014 და 2017 წლებში აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის შედეგად ხმის მიცემის უფლება წართმეული აქვს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button