Placeholder canvas
ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „პრემიერმინისტრი“ „დეპუტატად“ აირჩიეს 

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი „პრემიერმინისტრი“ ლეონიდ ლაკერბაია გუდაუთაში 14 მაისს ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შედეგად ხუთწლიანი ვადით რეგიონის „საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად“ აირჩიეს.

ოკუპირებული რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციის“ ინფორმაციით, ლაკერბაიამ 1 279 ხმა (55.05%), ხოლო მისმა მეტოქემ 975 ხმა (41.97%) მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ 62.89% (2 323 ამომრჩეველი) შეადგინა.

ლაკერბაიამ და მისმა მეტოქემ, ბესლან ტარკილმა მანამდე 12 მარტს „საპარლამენტო არჩევნების“ პირველ ტურში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა გადალახა. ლაკერბაიას პირველ ტურში გამარჯვებისთვის ერთი ხმა დააკლდა.

ახლადარჩეული „დეპუტატი“ ოკუპირებული რეგიონის ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან დაახლოებული პარტია „აიტაირას“ თავმჯდომარეა.

2011-2014 წლებში, ლაკერბაიას ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციაში „პრემიერმინისტრის“ თანამდებობა ეკავა. ანქვაბი ამჟამად „პრემიერმინისტრია“ ბჟანიას ადმინისტრაციაში.

უფრო ადრე, 1992-1995 წლებში, ლაკერბაია „ვიცე-პრემიერი“ იყო. მოგვიანებით, 1995-1996 წლებში „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თანამდებობა ეკავა, ხოლო 1998-2002 წლებში „დეპუტატი“ იყო.

ლაკერბაიას არჩევის შემდეგ, აფხაზეთის ახალ „პარლამენტში“ მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი რჩება, რომელიც 28 მაისს დაგეგმილი განმეორებითი კენჭისყრის შედეგად შეივსება.

ახალ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 12 აპრილს შეიკრიბა, გავრცელებული ცნობებით, ბჟანიას ადმინისტრაციას სულ ცოტა 25 ლოიალური „დეპუტატი“ ეყოლება, რაც უჩვეულო შემადგენლობაა აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოსთვის“, სადაც როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებზე დამოუკიდებელი მაჟორიტარები იმარჯვებდნენ ხოლმე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბჟანიას მხარდამჭერები „კანონებს“ უფრო მარტივად მიიღებენ, მათ შორის, „საკონსტიტუციო ცვლილებებს“, რისთვისაც 24 ხმაა საჭირო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button