ახალი ამბები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ქართული ოცნების დეპუტატი აირჩიეს

დაახლოებით ნახევარწლიანი კრიზისის შემდეგ, ქალაქ ბათუმის საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა და თავმჯდომარედ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს.

ჯინჭარაძის კანდიდატურას მხარი 35-დან 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათგან 17 ქართული ოცნების დეპუტატი იყო, ერთი კი – ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ყოფილი წევრი, ირაკლი თავდგირიძე, რომელიც საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიდან მხოლოდ პარტია საქართველოსთვის წევრი აკაკი გვიანიძე ესწრებოდა, თუმცა მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, რამაზ ჯინჭარაძემ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის და მისი პარტია მზად არიან, ემსახურონ ბათუმს და აკეთონ „ის სიკეთეები“, რაც ქალაქს სჭირდება.

ოპოზიციას თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ „გააჩნია, რა იდეებით შემოვლენ“.

„ჩვენ ყველა საღ აზრს გავითვალისწინებთ და მივესალმებით, იმიტომ, რომ ჩვენ ერთნაირად უნდა გვიყვარდეს ბათუმი და ერთნაირად უნდა ვემსახუროთ [მას]“, – თქვა მან.

ოპოზიციის მიერ სხდომებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტზე საუბრისას, ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა, რომ როდესაც მოსახლეობამ მოგანიჭა მანდატი, „ვალდებული ხარ, რომ შეხვიდე და ემსახურო [მას]“.

დღესვე, საკრებულოს სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლაშა კილაბერიამ განაცხადა, რომ დღევანდელი სხდომის მიზანი ქართული ოცნების მიერ თანამდებობების განაწილებაა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მმართველმა გუნდმა ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად ყველაფერი გააკეთა, დაწყებული „ადამიანის გარდაცვალებით“, საკანონმდებლო ცვლილებებით დამთავრებული, რასაც მხარი, „სამწუხაროდ“, მისი პარტიის წევრებმაც დაუჭირეს თანაგუნდელებთან შეუთანხმებლად.

კილაბერიამ ხაზი გაუსვა, რომ ენმ აგრძელებს ბრძოლას, როგორც საკრებულოში, ისე მის გარეთ, რომ ყველა მიზანი რომელიც ქალაქ ბათუმის კეთილდღეობისთვის არის დასახული, ბოლომდე მიიყვანონ.

ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილეებიც აირჩიეს, კომისიების წევრთა რაოდენობა და კვოტები განსაზღვრეს და მათი თავმჯდომარეები დაამტკიცეს.

რამაზ ჯინჭარაძის პირველი მოადგილე ირაკლი თავდგირიძე გახდა, მოადგილეები კი – ქართული ოცნების დეპუტატები – ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსსა“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ცვლილებების თანახმად, საკრებულოს დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის ნაცვლად ცესკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე გახდა შესაძლებელი.

შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებით, რამაზ ჯინჭარაძემ ბათუმის საკრებულოში კუთვნილი ადგილი ავტომატურად, უმრავლესობის (18 დეპუტატი) შეკრების გარეშე დაიკავა.

მოცემული მომენტისთვის, ბათუმის საკრებულოში ქართულ ოცნებას 17 დეპუტატი ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 14 დეპუტატი, პარტია საქართველოსთვის – 2, ლელოს – 1, ერთიც – ირაკლი თავდგირიძე, დამოუკიდებელი დეპუტატია. მან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია, თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე დატოვა.

ლელოს დეპუტატმა ბათუმის საკრებულო დატოვა

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომის დასაწყისში, პარტია ლელოს სიის პირველმა ნომერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ იგი მანდატზე უარს ამბობს და საკრებულოს ტოვებს.

მისი განცხადებით 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში გამოვლენილმა „ძალადობა“ დააზიანა ქვეყნის დემოკრატია, საარჩევნო პროცესი, მოქალაქეების თავისუფლება ა თანამონაწილეობის შესაძლებლობა თვითმმართველობის მართვის პროცესში. შესაბამისად, იგი ამ მოწვევის საკრებულოში თავის თავს ვერ ხედავს.

კუპრაძემ ხაზი გაუსვა, რომ იგი ბრძოლას „სხვა ფლანგზე“ განგრძობს. „არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას. პირიქით, ეს ყველაფერი არის დამატებითი მოტივაცია იმ პროცესში, რომ ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად ეფექტურები, უფრო მეტად ახლო კონტაქტში საზოგადოებასთან“, – თქვა მან.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი, მყიფე ერთობა, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია ნაყიდი არჩევნებით, ძალიან მალე ჩამოიშლება“, – დასძინა კუპრაძემ.

ბათუმის საკრებულოში ირაკლი კუპრაძეს ლელოს პროპორციული სიის მომდევნო ნომერი, ვაჟა დარჩია შეცვლის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button