ახალი ამბები

რუსთავსა და ბათუმში 2 აპრილს შუალედური არჩევნები ჩატარდება

2 აპრილს, შაბათს, რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები ჩატარდება, სადაც მოქალაქეები პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.

მმართველი გუნდის კანდიდატს ძლიერი კონკურენცია არ ემუქრება რუსთავში, საწინააღმდეგო სურათი იქნება ბათუმში. აქ ეს არჩევნები გადაწყვეტს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას მმართველი გუნდი შეძლებს თუ ოპოზიცია.

ბათუმის არჩევნები

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის ბრძოლაში ქართული ოცნების კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მათე ფუტკარაძე დაუპირისპირდება.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბათუმის საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟია. ფუტკარაძე, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე, ნოემბერში მოულოდნელად გარდაიცვალა. საკრებულოში ერთი მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური სწორედ ამის შემდეგ გახდა.

მაშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას 100 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ფუტკარაძის გადაბირებაში ადანაშაულებდა.

მოცემული მომენტისთვის, ბათუმის საკრებულოში ქართულ ოცნებას 16 დეპუტატი ჰყავს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 14, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2, ლელოს 1, 1-ც დამოუკიდებელი დეპუტატია, რომელმაც გახარიას პარტია არჩევნებიდან მალევე დატოვა.

რუსთავის არჩევნები

რაც შეეხება რუსთავს, აქ ქართული ოცნების კანდიდატს, ირაკლი შატაკიშვილს დაუპირისპირდებიან მამუკა ტუსკაძე, პარტიიდან სოციალური სამართლიანობისათვის და კამალ მურადხანოვი, საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან.

შატაკიშვილს მანამდე კერძო სექტორში საქმიანობდა და სხვადასხვა კომპანიაში მმართველი თანამდებობები ეკავა, მათ შორის, სამთომოპოვებით კომპანია „რიჩ მეტალს გრუპში“ (RMG), რომელიც საქმიანობას ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებში 2012 წლიდან ახორციელებს.

ქართული ოცნების კანდიდატის მეტოქე ლელოს წევრი, ბადრი ჯაფარიძე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მმართველმა გუნდმა სადეპუტატო მანდატი მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თუმცა, მან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მიზეზით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

ჯაფარიძემ 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე, „როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან უკიდურესად დაზაფრულები, საარჩევნო პროცესების წარმოება შეუძლებელია“. მანვე ხელისუფლებას არჩევნების გადადებისკენაც მოუწოდა.

ბადრი ჯაფარიძე რუსთავის შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატად მოიაზრებოდა. მას მხარდაჭერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც აღუთქვა.

საქართველოს პარლამენტში, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი ვაკანტური 2 დეკემბერს მას შემდეგ გახდა, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს რუსთავის მერად არჩევის შემდეგ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, რუსთავის #12 მაჟორიტარული ოლქის არჩევნებისთვის 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ბათუმის #79.04 მაჟორიტარულ ოლქში კი – 20 635.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button