ახალი ამბები

„IDS ბორჯომი“ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემას სთავაზობს

რუსეთის მფლობელობაში არსებულმა მინერალური წყლების კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ საქართველოს მთავრობა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო კომპანიამ მუშაობა შეაჩერა.

მთავრობის მიმართ შეთავაზება „IDS ბორჯომის“ საქართველოში მდებარე ქარხნის თანამშრომელთა წუხილების ფონზე გაკეთდა. მათმა დიდმა ნაწილმა კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ პირობებზე შეთანხმებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სამსახური დაკარგა.

29 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში – შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც „კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.

საგულისხმოა, რომ პროფკავშირმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ბორჯომის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის შუამავლის როლის შესრულების თხოვნით მიმართა.

30 აპრილს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს მომავალში „IDS ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაციას გაავრცელებს.

„IDS ბორჯომი საქართველო“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული IDS Borjomi International-ის შვილობილი კომპანიაა. 2013 წლიდან, IDS Borjomi International-ის 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. ჯგუფის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია.

„ალფა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „ალფა ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების სამიზნე გახდა.

ეკონომიკის მინისტრი მოლაპარაკებებზე საუბრობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 17 მაისს განაცხადა, რომ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელთა წინაშეც კომპანია „ბორჯომი“ დგას, საქართველოს მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

„საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ აქციონერებთან იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული ცვლილებები, [რათა] კომპანია არ იყოს საერთაშორისო სანქციების საგანი“, – განაცხადა მან.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა საერთაშორისო მარეგულირებლებთან და საფინანსო ორგანიზაციებთანაც მუშაობს, რომ „პროცესი იყოს გამჭვირვალე“. „ასევე [ვმუშაობთ] საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე“.

„იმედი მაქვს, რომ უკვე რამდენიმე დღეში, ჩვენ შევძლებთ იმას, რომ მოხდება კონკრეტული ცვლილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ აღადგინოს თავისი საქმიანობა“, – ხაზი გაუსვა ლევან დავითაშვილმა.

„ბორჯომის“ შეთავაზებას გუშინ Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძე გამოეხმაურა და პროცესის გამჭვირვალობასთან მიმართებით ეჭვები გამოთქვა. მანვე იკითხა, თუ რატომ არ მიჰყიდა „სანქცირებულმა მხარემ“ წილების ნაწილი პარტნიორს და რატომ გადაწყვიტა მისი საქართველოს მთავრობისთვის უსასყიდლოდ შეთავაზება.

„ხომ არ არის ამ გარიგების უკან კონფიდენციალური შეთანხმება, სამომავლოდ ამ წილის ისევ უკან დაბრუნების შესახებ, რაც ფაქტობრივად სანქციების გვერდის ავლას ნიშნავს?“, – დაწერა მან და საქართველოს მთავრობას პროცესის საჯაროობისკენ მოუწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button