ახალი ამბები

საბიუჯეტო თანხების ტოტალიზატორში გამოყენებისთვის გორის მერიის სააგენტოს ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 14 აპრილს განაცხადა, რომ 143 985 ლარის ოდენობის საბიუჯეტოს სახსრების მითვისების საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

სუს-ის განცხადებით, დაკავებული საბიუჯეტო სახსრებს ორ კომერციულ ბანკში პირად ანგარიშებზე სისტემატურად რიცხავდა, რასაც შემდგომ ინტერნეტტოტალიზატორებში იყენებდა.

სუს-ის ცნობით, საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგაც, მოსალოდნელია, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე (სსსკ-ის182-ე) მიმდინარეობს, რაც 7-11 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

2020-2021 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან საეჭვო გადარიცხვები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა.

12 აპრილს აუდიტის სამსახურმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ საუბარი იყო დაახლოებით 500 000 ლარზე. აუდიტში ასევე თქვეს, რომ შემოწმების პროცესი კვლავაც მიმდინარეობდა და მიგნებები საბოლოო არ იყო.

აუდიტის სამსახურში მეტი დეტალის თქმისგან თავი შეიკავეს. თუმცა, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან თანხა აზარტული თამაშების ანგარიშებზე ირიცხებოდა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ბუღალტერი მერიაში სავარაუდო კორუფციული სქემის თანამონაწილე იყო.

გორის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა (2017-2021 წწ) და გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ასევე ყოფილმა ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ (2019-2021) „ფორმულასთან“ საუბარში თქვეს, რომ სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის შესახებ არაფერი იციან და მასთან არც კავშირი ჰქონიათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button