skip to content
ახალი ამბები

უკრაინის „რადას“ სპიკერი ბუჩაში ჩასვლაზე პაპუაშვილის უარს პასუხობს

უკრაინის „ვერხოვნა რადას“ სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ბუჩასა და ირპინში ჩასვლაზე უარის გამო აკრიტიკებს.

„რამდენად სათანადოა, უწოდო „არასათანადო“ მეგობარ ქვეყანაში მოწვევას, [რათა] ნახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი ნაღველი და გამოხატო მხარდაჭერა?“ – დაწერა სტეფანჩუკმა 10 აპრილს Facebook-ზე. „ეს არის ის ერთადერთი რამ, რაც უსიტყვოდ მტოვებს“, – დასძინა მან.

ამასთან, „რადას“ სპიკერის აზრით, მეგობარი უკრაინაში მიწვევის გარეშეც უნდა ჩადიოდეს.

„ბოლოსდაბოლოს, ჩემი აზრით, ეს არის ზუსტად ის, რაზეც დიადი შოთა რუსთაველი ამბობდა: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – თქვა „რადას” თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის პასუხად, სტეფანჩუკმა დასძინა, რომ უკრაინა „აფასებს ნებისმიერ დახმარებას, რომელსაც ამ რთულ დროს იღებს სხვა ქვეყნებისგან“.

„ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ უფრო მძიმე სანქციებს, სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ სანქციებს. არიან ქვეყნები, რომლებიც გვეხმარებიან ყველა მიმართულებით. არიან ქვეყნები, რომლებიც გვეხმარებიან მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხებში“, – განაცხადა მან.

სტეფანჩუკის თქმით, „უკრაინა ყოველთვის აფასებდა მოძმე ქართველი ხალხის გულითად მხარდაჭერას“.

„ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელები, მამაცი და გულადი მეომრები არიან, მათ შორის, ბევრი დღესაც გვერდით უდგას ჩვენს მცველებს, რომლებიც უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან იცავენ“, – დასძინმა მან.

მისი თქმით, მსგავსად ამისა, „ბევრი უკრაინელი გვერდში ედგა ქართველებს 2008 წელს იმავე [მტრის] წინააღმდეგ, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, გადაყლაპა თქვენი ტერიტორიის ნაწილი და დახოცა თქვენი ხალხი“.

„რადას“ თავმჯდომარემ ისიც გაიხსენა, რომ 2008 წლის ომის „პირველივე დღეებიდან“, უკრაინა საქართველოს „პოლიტიკურ, საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეებზე ეხმარებოდა“.

„მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების [„ბუკი“, „ოსა“] დახმარებით, თქვენ იცავდით თქვენს ცას“, – თქვა მან.

საქართველოს პარლამენტის სპიკერმა უკრაინაში ვიზიტზე უარი 8 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, მიწვევა იყო არასათანადო „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალების“ განუმარტებლობის ფონზე.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button