ახალი ამბები

ლიეტუველი დეპუტატები უკრაინაზე რიტორიკის, რუსეთისა და სტალინის გამო საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ 

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ განცხადება მიიღო, რომელიც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, ქართულ ოცნებასა და მთავრობას უკრაინაზე რიტორიკისა და სხვა საკითხების გამო აკრიტიკებს.

კრიტიკა: უკრაინაზე რიტორიკა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, სტალინი 

განცხადება, რომელიც 6 აპრილს გასაჯაროვდა, წუხილს გამოთქვამს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სამთავრობოთაშორისი ურთიერთობებისა და საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებების გამო, რაც „ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელი პირებისა და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებებისა და ღირებულებებისთვის“.

აღნიშნავს რა ქართველი ხალხის სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინის მიმართ, განცხადება საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ „სრული მხარდაჭერა“ გამოხატოს უკრაინის მთავრობის მიმართ.

საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მედიაზე თავდასხმებისა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს რუსეთის მავნე გავლენა ქართულ საზოგადოებაზე“.

დოკუმენტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის საჯარო უარის გამო, რომ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ საერთაშორისო ეკონომიკურ და ინდივიდუალურ სანქციებს.

ლიეტუველმა დეპუტატებმა დაგმეს საქართველოში საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის ხსოვნის უკვდავყოფის ნიშნების გაჩენა.

საპარლამენტო კომიტეტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს „ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების“ მქონე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის.

მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის მიმართ 

განცხადება სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის არჩევანს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდეს.

დოკუმენტი მოუწოდებს ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას იმ პირობით, თუ „საქართველო შეუერთდება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებს, ასევე ნატოს ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკას და სანქციებს ბელარუსისა რუსეთის ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ და დღევანდელი ომი უკრაინის წინააღმდეგ ზოგიერთი იმ დასავლური ქვეყნის „გადაუწყვეტელობის“ შედეგია, რომელთაც 2008 წელს ნატოში მათ გაწევრიანებაზე უარი თქვეს.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს და უკრაინას საზიარო ევროპული პერსპექტივა აქვთ და ორივე რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნეა, რაც საქართველოს და უკრაინის საკუთარი გავლენის სფეროში მოქცევას ისახავს მიზნად.

განცხადების თანახმად, რუსეთის უკანონო ქმედებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე ყირიმში განმეორდა.

დოკუმენტი გმობს ოკუპირებული რეგიონების ლიდერების ნებისმიერ ინიციატივას სტატუსის ცვლილებაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც ისინი ოკუპირებულია.

განცხადება მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს გააერთიანონ ძალები რუსული საფრთის ფონზე, ვინაიდან „ერთობა საჭიროა საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button