ახალი ამბები

რუსული კონტრაბანდის გატარებაზე კიევის ბრალდებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდის გასატარებელ კორიდორს ამზადებს. „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“, – თქვეს უწყებაში.

კიევის ბრალდებებს გუშინვე მოჰყვა პოლიტიკოსთა გამოხმაურება საქართველოში. ქვემოთ საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებებია მოცემული:

ქართული ოცნების გამოხმაურება

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნისგან, განსაკუთრებით ამ ვითარებაში, სრულიად მიუღებელია“.

მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი: „სრული ლუსტრაციის დრო დადგა! ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება გაუგონარ, ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და რამდენი მიხვდება, რომ ამის იქით აღარაფერი არსებობს!“

გიორგი კახიანი – ქართული ოცნების დეპუტატი: „რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს… პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება, ზოგადად ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს და კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის სწორედ იმ სამსახურიდან, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა გია ლორთქიფანიძე [შს მინისტრის ყოფილი მოადგილე]?“

ოპოზიციის გამოხმაურება

თინათინ ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაცია უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. მათ ძალიან ბევრი საერთაშორისო პარტნიორი უდგათ გვერდით. ეს თუ დადასტურდა, ვიმეორებ, ეს იქნება ღია გზავნილი, რომ საქართველო ჩამოშორდა ევროატლანტიკურ კურსს. ეს არის დიამეტრალური ცვლილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ახლა საქართველო განიხილება პროპუტინისტურ, პრორუსულ ქვეყანად“.

დავით უსუფაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „ეს იმდენად სახიფათოა, რომ შეუძლებელია იყოს მართალი, მაგრამ სიცხადე უნდა შეიტანონ იმ ორგანოებმა, ვისი კომპეტენციაც არის და ვისაც აქვს ინფორმაცია. ამ ტიპის მოვლენებზე, რაც შეიძლება სწრაფი და კომპეტენტური პასუხია საჭირო იმისთვის, რომ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები ვიყოთ მშვიდად და რომ საქართველო აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს…, უბრალოდ იმდენად სახიფათოა მსგავსი რამ, რომ მე, უბრალოდ ვერ დავიჯერებ“.

გიგა ბოკერია – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე: „უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, რაც ჩვენ საჯაროდ გვესმის ღარიბაშვილისგან, კობახიძისგან და ივანიშვილის მთელი ამ სამარცხვინო გარემოცვისგან. მათი საჯარო განცხადებები ირიბი მტკიცებულებაა, რომ ისინი სწორედ ასე პოზიციონირდებიან… მინდა ვთქვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ეს ამბავი თანამედროვე დროის ჰიტლერთან, პუტინთან თანამშრომლობა და მისთვის დახმარების ხელის გაწვდა, არის ისეთი ამბავი, რომელიც არასდროს არ ჩამოირეცხება ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების დროს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button