ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შესაძლო მიერთების მომხრეები ცხინვალის რეგიონიდან 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს განაცხადა, რომ მისი რეჟიმი „უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“ რუსეთთან მიერთების მიზნით. რუსეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების მიერ მოგვიანებით გაკეთებული კომენტარები გულისხმობს, რომ მოსკოვის მიერ რეგიონის მიერთებამდე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“.

ქვემოთ მოცემულია იმ ოსი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეეების კომენტარები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო მიერთებას ემხრობიან: 

ლუდვიგ ჩიბიროვი, ყოფილი სეპარატისტი ლიდერი: 

„სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გუშინდელმა გამოსვლამ გული გამიხარა, რუსეთის ფედერაციად წოდებულ მეგობარ ქვეყანასთან მიერთების შესახებ ჩვენი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ასრულების იმედი ჩამისახა. ქედს ვიხრი რუსეთის წინაშე, რომელმაც არა მხოლოდ გადაარჩინა სამხრეთ ოსეთი განადგურებისგან საქართველო-ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, არამედ აღიარა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რისი წყალობითაც აგერ უკვე მეთოთხმეტე წელია მშვიდობიანი ცის ქვეშ ვცხოვრობთ. მაგრამ ჩვენი ხალხი კიდევ უფრო მადლიერი იქნებოდა რუსეთის ხელმძღვანელობის, თუ ის გამოეხმაურებოდა ჩვენი პრეზიდენტის მიმართვას და სამხრეთ ოსეთს საკუთარი ფრთების ქვეშ აიყვანდა სამუდამოდ“, – უთხრა ჩიბიროვმა ჟურნალისტებს. 

ლეონიდ თიბილოვი, ბიბილოვის წინამორბედი: 

საინფორმაციო სააგენტო „რესი“ თიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთთან სამხრეთ ოსეთის მიერთება „გაყოფილი“ ოსი ერის საკითხს გადაწყვეტს. მან ასევე განაცხადა: „გარდა ამისა, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შედეგად, ჩვენ უნდა ველოდოთ უსაფრთხოების გაძლიერებისა და მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის დონის ზრდის საკითხებს“. 

ალან თადტაევი, „სამხრეთ ოსეთის პარლამენტის“ თავმჯდომარე: 

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხი რუსეთთან მიერთების შესახებ საკუთარ მოსაზრებას რეფერენდუმზე გამოხატავს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ყველანაირი საფუძველი არსებობს რუსეთთან მიერთებისთვის, ამისათვის არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს. დღეს მთავარია, რომ გაიმართოს რეფერენდუმი და გავხდეთ რუსეთის ფედერაციის ნაწილი“, – განაცხადა თადტაევმა. 

ვადიმ თედეევი, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: 

„უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაცია უკრაინულ ფაშიზმზე მოძმე რუსეთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს იმისათვის, რომ მრავალტანჯული უკრაინის მიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს. უკრაინელი ნაციონალისტების მოწოდებები საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყოს, არსებული სიტუაციის სრულ საშიშროებას აჩვენებს. 2008 წლის აგვისტომ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ერთდაერთი გარანტი რუსეთის ფედერაციაა“, – განაცხადა რექტორმა. 

რობერტ გაგლოითი, ვანეევის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი:

„იმ დროს [როდესაც ბიბილოვი პირველად გამოვიდა მიერთების ინიციატივით] გარკვეულმა გარემოებებმა ამ საკითხის რეალიზებას ხელი შეუშალა. მაგრამ დღეს დადგა დრო, რომ ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და საბოლოოდ გადავწყვიტოთ ის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია, რომლებიც უარყოფითად უყურებენ მიერთების საკითხს. მაგრამ პირადად მე სრულად ვუჭერ მხარს სახელმწიფოს მეთაურის განცხადებას. ოდნავ მაწუხებს ის ფაქტი, თუ როდის იგეგმება რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხის მოგვარება, უკრაინაში არსებული სიტუაციისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების არასტაბილურობის გათვალისწინებით. მე მხარს ვუჭერ რეფერენდუმის ჩატარებას სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების თაობაზე“. 

რობერტ კულუმბეგოვი, ისტორიკოსი: 

„მინდა აღვნიშნო, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სწრაფვა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში ყოველთვის არსებობდა და ეს დღევანდელი დღის პარადიგმა არ არის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button